Belive

ნეიმარი კვლავ ბარსელონაში მესისთან ერთად

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ნეიმარი კვლავ ითამაშებს მესისთან ერთად, მაგრამ "ბარსელონაში" და არა "პარი სენ-ჟერმენში", - აცხადებს ბრაზილიელის ფეხბურთელის ყოფილი აგენტი ანდრე კარი.  ლეო მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, არგენტინელი სუპერვარსკვლავის მომავალი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მესის მომავალთან დაკავშირებით აქტიურად იწერებოდა მედიაში. ერთ-ერთი კლუბი, რომელიც მესის დაუკავშირეს, "პარი სენ-ჟერმენი" იყო, სადაც ლეოს ყოფილი თანაგუნდელი ნეიმარი თამაშობს. ნეიმარი არ მალავდა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ მესისთან ერთად კვლავ ითამაშებდა და ლეო მას "პარი სენ-ჟერმენში" შეუერთდებოდა. თუმცა ნეიმარის ყოფილი აგენტი ანდრე კარი მიიჩნევს, რომ ალბათობა იმისა, რომ ნეიმარი კატალონიაში დაბრუნდეს გაცილებით დიდია, ვიდრე ის, რომ მესი ფრანგულ კლუბში გადაბარგდეს, რადგან მას მიაჩნია, რომ ჟოან ლაპორტას "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ მესი კატალონიურ გრანდში დარჩება. El Litoral-თან საუბარში ანდრე კარიმ განაცხადა:  
"ბარსელონაში 10 წლის მანძილზე ვიმყოფებოდი, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნდება. მისთვის "ბარსას" კარი ღიაა. გულშემატკივრებმა იციან, რომ მან შეცდომა დაუშვა, როცა გუნდი დატოვა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამას თავად ნეიმარიც მიხვდა". "ორი წლის წინ ნეიმარმა ოფიციალურად მომმართა თხოვნით, რომ ბარსელონაში დამებრუნებინა. ჩვენ ვცდილობდით და ძალიან ახლოსაც ვიყავით, რომ ის პარიზიდან ისევ ბარსელონაში დაბრუნებულიყო, თუმცა გარკვეული დეტალების გამო ეს არ მოხერხდა". "ლაპორტა ერთადერთია, ვისაც შეუძლია, რომ ისინი კვლავ ერთად შეკრიბოს. მიმაჩნია, რომ მესი "ბარსელონას" არ დატოვებს. მჯერა, რომ ის საკუთარ ისტორიას ბოლომდე "ბარსელონას" დაუკავშირებს. ნეიმარი კვლავ ითამაშებს მესისთან ერთად, მაგრამ "ბარსელონაში"".
ნეიმარი "ბარსელონაში" 2013 წელს მივიდა. გუნდთან ერთად ბარზილიელმა სუპერვარსკვლავმა ორჯერ ლა ლიგის, ერთხელ ჩემპიონთა ლიგის და სამჯერ კოპა დელ რეის მოგება შეძლო. 2017 წელს კი "პარი სენ-ჟერმენში" 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიც გახდა ისტორიაში. თავად ნეიმარმა საკუთარ მომავალზე თებერვლის თვეში ისაუბრა. TF1-თან საუბარში ბრაზილიელმა აღნიშნა: 
"აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენა მსურს და იმედი მაქვს, რომ გუნდს არც მბაპე არ დატოვებს".

სხვა სტატიები