Belive

ნიდერლანდები – საქართველოს მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების ამხანაგურ შეხვედრას ბელგიელ მსაჯთა ბრიგადა, ერიკ ლამბრეხტსის ხელმძღვანელობით მოემსახურება. 38 წლის რეფერის ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია. იგი 2017/18 წლების სეზონის ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმისა" და პოლონური "იაგელონიას" დაპირისპირებას მოემსახურა, რომელშიც ექსტრაკლასას წარმმადგენელმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე - 1:0 იმარჯვა. იმ მატჩში ელგუჯა გრიგალაშვილმა, ვაკო თევდორაძემ და არჩილ ტვილდიანმა ყვითელი ბარათები მიიღეს. კიდევ ერთი მატჩი, რომელსაც "ჯვაროსნების" მომდევნო შეხვედრის მთავარი არბიტრი ხელმძღვანელობდა, 2017 წლის 30 ოქტომბერს შედგა და მასში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიელ თანატოლებთან - 0:2 დამარცხდა. შეხვედრაში ქართველთაგან ერთადერთი გაფრთხილება გიორგი შალიკაშვილმა მიიღო. ბელგიელმა არბიტრმა ახლახანს დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირის 28 მატჩზე იმუშავა, 103 ყვითელი და 4 წითელი ბარათი გამოიყენა და 13 პენალტი დანიშნა. აქედან 19 მატჩში მან ფეხბურთელები სულ მცირე 3-ჯერ გააფრთხილა. “ჯვაროსნებმა” 2021 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტში, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს – 2:1 აჯობეს. სადებიუტო გოლები იქ გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრას ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 6 ივნისს, ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები