Belive

ნიდერლანდებში ქალებს მამაკაცთა გუნდებში თამაშის უფლება ექნებათ

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მომავალი სეზონიდან ქალ ფეხბურთელებს საშუალება ექნებათ, მამაკაცთა გუნდებში იასპარეზონ. შერეული ფეხბურთი ნიდერლანდებში 1986 წლიდან არსებობს - 12-წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შეუძლიათ, ერთად ან ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშონ. 1995 წელს, მათ ამის შესაძლებლობა B კატეგორიის კლუბებში ჰქონდათ, 1 წლის შემდეგ კი A კატეგორიის ახალგაზრდულ გუნდებზეც გავრცელდა. ახლა კი, გოგონებს უფლება მიეცემათ, A კატეგორიის პირველ გუნდებში, მამაკაცებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო დონეზე ითამაშონ. ნიდერლანდებში სამოყვარულო ფეხბურთის დირექტორი, იან დირკ ვან დერ ზეე აცხადებს:

"აქამდე, ნიდერლანდებში შერეული ფეხბურთი ახალგაზრდულ სისტემაში შესაძლებელი იყო, თუმცა როცა გოგონები წამოიზარდნენ, არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ - ან ქალთა ლიგა უნდა აერჩიათ, ან შერეული B კატეგორია. ბოლოდროინდელ კვლევებზე დაყრდნობით, ჩვენ ვეღარ ვხედავთ მიზეზს, თანასწორობა და მრავალფეროვნება რატომ უნდა შეიზღუდოს. გვსურს, გოგონებმა, თავიანთი უნარებისა და ამბიციების შესაბამისად, საფეხბურთო სამყაროში შესაფერისი ადგილი იპოვონ".
გავრცელებული ცნობებით, 19 წლის გოგონამ, ელენ ფოკემამ შესაძლებლობა უკვე მიიღო და "ფოარუტის" შემადგენლობაში ითამაშა, რომელსაც 5 წლის ასაკში შეუერთდა. მას თამაშის უფლება, თავად მისი და კლუბის მოთხოვნით, 2020 წლის აგვისტოში მისცეს.
"აბ ბიჭებთან ერთად 5 წლის ასაკიდან ვთამაშობდი და თავს ცუდად ვგრძნობდი, რომ შემდეგ წელს იგივეს ვერ ვახერხებდი. ფეხბურთის ასოციაცია ყოველთვის მირჩევდა, რომ ბიჭებთან რაც შეიძლება დიდიხანს მეთამაშა. შესაბამისად, რატომ უნდა ყოფილიყო ეს აკრძალული? ეს გამოწვევაა, რომელიც მახალისებს. გუნდს ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ მოთხოვნა წაგვეყენებინა, რაზეც თანხმობა მივიღე", - ციტირებს ფოკემამის სიტყვებს NL Times.
სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო, სამოყვარულო ლიგა გაუქმდა, თუმცა 2021/22 წლების სეზონიდან გოგონები და ბიჭები ერთად იასპარეზებენ.

წყარო: silksport.ge

სხვა სტატიები