Belive

ნიკა კვეკვესკირი: "5 წლის განმავლობაში ნაშენები საქმე სამ დღეში ჩამოვშალეთ, მაგრამ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის დასკვნითი ტურის მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ქართულ ფეხბურთში ბოლო ხანს შექმნილი მძიმე სიტუაციის შესახებაც ისაუბრა. "ჩემს თავს იმის უფლებას მივცემ, რომ დღეს გუნდის სახელით ვისაუბრო. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ჩვენს ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, რომელმაც ბევრი დადებითი მოგვიტანა. მის ხელში გამოჩნდა ბევრი ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელი. პირადად მე, მისი ხელმძღვანელობით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა, ცხელ გულზე, არცერთ გულშემატკივარს ბატონი ვლადიმირის მიმართ კარგი განწყობა და წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ გაივლის დრო და დავინახავთ, რომ ბევრ ასპექტში მისი მუშაობა დადებითად შეფასდება.  რაც შეეხება წასვლამდე მის განცხადებას, ეს ფეხბურთია და ასეთი რამ ლოგიკურია. ზოგიერთი მწვრთნელი ზოგ ფეხბურთელს იძახებს, ზოგს არა. ეს მათი პირადი არჩევანია.  რაც შეეხება გუნდში არსებულ მდგომარეობას, მე შესაძლოა ძალიან დიდი ხანი არაა რაც ეროვნული გუნდის მაისურს ვიცვამ, მე არ ვყოფილვარ ბევრი ფორმაციის ნაკრებში, პირველად ბატონი კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ვითამაშე, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში საუკეთესო შიდა სიტუაციაა.  ფინალში მარცხისას ნაკრების მთავარი პრობლემა ფსიქოლოგია იყო. ასეთი დონის მატჩი არასდროს გვქონია და ფსიქოლოგიურად ამ დონის თამაშს ვერ გავუმკლავდით. ის, რომ გულშემატკივრისგან, მედიისგან იყო ძალიან დიდი მოლოდინი და რა თქმა უნდა, ჩვენი უდიდესი სურვილი, ამან ფსიქოლოგიურად უფრო დაგვწნეხა. როგორც აღმოჩნდა, ამ დონის წნეხს ფსიქოლოგიურად ვერ გავუმკლავდით გაშვებული გოლის შემდეგ ჩვეჯნი ბიჭების ემოციაზე და მოედანზე დაწოლაზე მოჰამედ სალაჰის რეაქცია გამახსენდა, როცა მოედანზე დაწვა, თუმცა შემდეგ ფეხზე წამოდგა და ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. ასე რომ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლოა მოედანზე დაწვე, მაგრამ წამოდგე, გადაეწყო და გამარჯვება მოახერხო. ჩვენ გადაწყობა ვერ შევძელით. თანაც, ასეთი რანგის შეხვედრები უმეტესად ერთ გოლამდე მიმდინარეობს, ალბათ ესეც ვიგრძენით.  მთლიანობაში ის ფაქტი, რომ ფინალამდე მოვედით, უკვე დადებითია. ის, რომ აქამდე მოვაღწიეთ, ძალიან კარგი შედეგია, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა ვლადიმირ ვაისს. მან გუნდში შექმნა ისეთი ატმოსფერო, რომელიც აქამდე მართლა არასდროს ყოფილა. ამას ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებიც აღნიშნავენ, რომელთაც აქამდე სხვა ფორმაციის ნაკრებებში უთამაშიათ. სამწუხაროა და მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ 5 წლის განმავლობაში ყველა ჩვენგანის მიერ ნაშენები საქმე სამ დღეში ჩვენ, ფეხბურთელებმა, საკუთარი ხელებით და მოდი ვიტყვი - ფეხებით ჩამოვანგრიეთ. თუმცა, ამით ქართული ფეხბურთი არ სრულდება, ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ და ამ სიმაღლეზე დავბრუნდეთ. ასეთი დონის მატჩები სისტემატიურად უნდა ვითამაშოთ.  ჩვენ არ ვაპირებდით გვეწუწუნა იმაზე, რომ გვაკლდა ლიდერები: ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, კიტეიშვილი და შენგელია. არ გვინდოდა ამაზე გვესაუბრა და არ ვწუწუნებთ, ეს უბრალოდ რეალობაა. ვიცოდით, თუ რა დონის გუნდთან გვქონდა საქმე. ის ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგაც ვთამაშობდით, ასეთი დონის შეხვედრებს ზოგჯერ კვირაში ორჯერ ატარებენ. რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, მეტოქე ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო.  რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ის ყველა იმ ადამიანს ეკისრება, რომელსაც ამ ქვეყანაში ფეხბურთთან რამე შეხება აქვს და რომელიც ფეხბურთის წარმატებისთვის მუშაობს: ფეხბურთელს, მწვრთნელს, მედიის თუ ფედერაციის წარმომადგენელს.  მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელსაც ვერ ვაჩუქეთ ნანატრი გამარჯვება. მე პირადად ასეთი მხარდაჭერა არასდროს არ მიგრძვნია, უამრავი შეტყობინება მივიღეთ. განსაკუთრებული მადლობა იმის გამო, რომ ქომაგებმა მარცხის შემდეგაც არ მიგვატოვეს. ვიცით, რომ გაგიცრუეთ იმედები, არამხოლოდ თქვენ, ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ახლობლებს. თუმცა ეს იმედები რომ გაჩნდა, ეს უკვე დადებითია და ამან სისტემატიური სახე უნდა მიიღოს.  კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამით ქართული ფეხბურთის ისტორია არ დასრულებულა. ყველა ადამიანმა, რომელიც ჩვენი ფეხბურთის წარმატებისთვის ვშრომობთ, მომავალში ერთობლივად უნდა ვიმუშავოთ და ისევ იმ სიმაღლეზე დასაბრუნებლად, ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ. ახალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ. მე მას დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ. პირველ რიგში, მადლობა მას ამ გამბედავი ნაბიჯისთვის, რადგან საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ოცნებასთან ერთად ისეთი მძიმე პასუხისმგებლობაა, რომლის კისრებაც ყველასთვის ძალიან რთულია", - თქვა ნიკა კვეკვესკირმა.

სხვა სტატიები