Belive

ნიკა კვეკვესკირი: "მგონია, რომ ქომაგების ხმას მაინც გავიგონებთ, ქართველებს გვერდში დგომა გვეხერხება და როცა ასე ვართ, დიდ საქმეებს ვაკეთებთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრის წინ, "ჯვაროსნების" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა წინასამატჩო განწყობა გამოხატა და ოქტომბერში გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრების შესახებაც ისაუბრა. "დღეს ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრებაც და ფეხბურთის თამაშიც, რომ ყველაფერი ძალიან გართულებულია. განსაკუთრებით ფეხბურთელებისთვის, რადგან ბავშვობიდან ბურთით ვთამაშობთ და ეს ბურთი წაგვართვეს, განსაკუთრებით გაგვიჭირდა ლეგიონერებს, რომლებიც ოჯახებისგან შორს ვიმყოფებით. 3 თვე ვისვენებდით, შემდეგ კი 9 დღეში სამი ტურის ჩატარება მოგვიწია, ამას ემატება ფრენები, რომლებიც ძალიან გართულებულია. პირადად მე და ჯაბას გზაში 24 საათის გატარება მოგვიწია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კარგ ფიზიკურ ფორმაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაში იმდენად მოგვენატრა, ეს ჩვენთვის იმხელა სტიმულია, რომ ყველაფერს ფარავს. ვთვლი, რომ ესტონეთში დალაგებული ფეხბურთი ვითამაშეთ, ვხედავ, რომ ამაში ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს და მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ძალიან კარგი ფეხბურთის თამაში. უფრო ძლიერ მაკედონიასთან უნდა შევძლოთ სწორი ფეხბურთის თამაში, რათა ოქტომბერში გასამართი ოცნების მატჩისთვის ფსიქოლოგიურად ძლიერი ბაზისის შექმნა მოვახერხოთ. ქართველი მაყურებელი "დინამო არენაზე" ჩვენთვის წნეხი არასდროს ყოფილა. პირიქით, ჩვენი თანაკლუბელები აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია ევროპაში და აქ განსაკუთრებული ქომაგობა იციან. ქართველი ქომაგი დიდ გამარჯვებებს მონატრებულია. შესაძლოა, 8 ოქტომბერს ისინი ტრიბუნაზე არ დაუშვან, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ გულშემატკივრის ხმას მაინც გავიგონებთ. ქართველებს გვერდში დგომა გვეხერხება. ქართველები ისეთი ერი ვართ, რომ როცა ვერთიანდებით დიდ საქმეებს ვაკეთებთ და იმედია, ამ ოცნების თამაშსაც საერთო წარმატებით დავასრულებთ", - თქვა "ტობოლის" ნახევარმცველმა. ფოტო: თამარ ჯიშკარიანი.

სხვა სტატიები