Belive

ნიკა კვეკვესკირი: "ნაკრების სიძლიერეს სტაბილურობა განსაზღვრავს - მაღლა აწეული თამასა არ უნდა ჩამოვწიოთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამხანაგურად, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა დაუპირისპირდეს, ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა შვედეთთან გამარჯვების და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
"დიდი ხანია, ორი მატჩი ზედიზედ, თანაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ მოგვიგია, მაგრამ ეიფორიაში არ ვართ. რა თქმა უნდა, გვიხარია და აღვნიშნეთ კიდეც გამარჯვება ჩვენს გულშემატკივართან ერთად, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არიან ჩვენთვის. უზბეკეთთან თამაში არის ტესტი, რადგან ყველა ნაკრების სიძლიერეს სტაბილურობა განსაზღვრავს და საინტერესოა, ამ დონის მატჩიდან მატჩამდე შენარჩუნებას რამდენად შევძლებთ. არ ვაპირებთ, რომ თამასა, რომელიც ახლა მაღლაა აწეული დაბლა ჩამოვწიოთ, ამიტომაც მოსაგებად ვითამაშებთ. კონკურენცია ფეხბურთელის მოტივირებაზე დადებითად აისახება, თუმცა როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, იქ დამატებით მოტივაციებზე საუბარი ზედმეტია. აქ შენი დროშის, ჰიმნის და გერბისთვის თამაშობ. თუ სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, შენს ფიზიკურ მომზადებაზე დამატებით უნდა ივარჯიშო, რადგან როცა შენს ნაკრებს შენი დახმარება სჭირდება, მზად უნდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის მატჩების დროს ამ თემაზე ბევრი საუბარი იყო, დარწმუნებული ვარ საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრების არცერთ ფეხბურთელს მოტივაციის პრობლემა არასდროს ჰქონია. გულშემატკივრის როლი ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულია. მათი ემოციები,ნ შეძახილები, გამხნევება, თუნდაც ის, რაც ბათუმის სტადიონზე შვედეთთან გამარჯვების შემდეგ ხდებოდა. სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთში მატჩის შემდეგ უკვე, ბევრი დრო აღარ გაქვს, ამ ყველაფრით სასიამოვნოდ, რადგან მეორე დღიდან მომავალი მატჩისთვის მომზადებას ვიწყებთ და როგორც უკვე აღვნიშნე, ეიფორიის დრო არ გვაქვს. როცა მე ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი, გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის დისტანცია ძალიან დიდი იყო, ვიდრე ახლა. არ მგონია, ვინმეს აქ გუნდთან ადაპტაცია უჭირდეს, რადგანაც კაშია, ლორია, კანკავა და სხვა გამოცდილი ფეხბურთელები ყველანაირად ეხმარებიან ახალგაზრდებს, რომ გუნდს მარტივად დაუახლოვდნენ და ამ მხრივ თუ არა იდეალური, იდეალურთან მიახლოებული მდგომარეობაა", - თქვა ნიკა კვეკვესკირმა.

სხვა სტატიები