Belive

ნიკა კვეკვესკირი: "ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა..."

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” გამართულ უპრინციპულეს შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. დაპირისპირება, რომლის სასწორზეც ევროპის ჩემპიონატის საგზური იდო “ჯვაროსნების” მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთის ფედერაციამ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის - ნიკოლოზ კვეკვესკირის კომენტარი გამოაქვეყნა:
"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა. როგორც აღმოჩნდა ასეთი გამოცდისთვის "გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე" მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: "ომი, სულ გრძელდება" - მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს". - ნიკა კვეკვესკირი.

სხვა სტატიები