Belive

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოარჩია და ვაკო გვილიას ვარშავის "ლეგიასთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1) კარგი თამაში დაუფასა.   28 წლის შუახაზელისთვის ეს პირველი შეხვედრა იყო, როცა პოზნანის "ლეხის" მაისურით 90 წუთი ითამაშა. ის გუნდს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და მის აქტივში ამჟამად უკვე 8 შეხვედრაა. კვეკვესკირის გარდა, პოზნანის კლუბში საქართველოს ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნიკა კაჭარავა ირიცხება, თუმცა 27 წლის თავდამსხმელს ლისაბონის "ბენფიკასთან" მიღებული რთული ტრავმის გამო, 2020 წლის 20 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ვაკო გვილიას, რომელიც დედაქალაქური კლუბის მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებული 19 მატჩი და 2 საგოლე გადაცემაა. ქართველების გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც კი გამოდიოდა, 24 ტურის შემდეგ დაგროვილი 30 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და შემდეგ შეხვედრას "რაკოვის" წინააღმდეგ, 17 აპრილს გამართავს. რაც შეეხება გვილიას გუნდს, რომელიც მოქმედი ჩემპიონია და 52 ქულითა და 8-ქულიანი ჰანდიკაპით ისევ ლიდერობს, შემდეგი მატჩი 18 აპრილს, მე-14 ადგილზე მყოფ კრაკოვიას წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები