Belive

ნოდარ ქავთარაძე: "დინამო ყოველთვის ჩემს გულში დარჩება - მუდამ ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საჩემპიონო სეზონის შემდეგ, ნოდარ ქავთარაძეს "დინამო თბილისთან" არსებული ხელშეკრულება დაუსრულდა და ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება უნგრულ "მეზოკოვეშდში" გადაწყვიტა. ნოდარ ქავთარაძეს ჩვენი ვებ-გვერდი დაუკავშირდა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა. "დინამოში" 2 საკმაოდ წარმატებული სეზონი გაატარე, როგორ შეაფასებ ამ პერიოდს? "დინამოში" ორი დაუვიწყარი სეზონი გავატარე და ორჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. მინდა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის მადლობა ვუთხრა. მადლობა ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით "დინამოს" პრეზიდენტს, რომ მომეცა საშუალება ამ სახელოვანი კლუბის ღირსება დამეცვა. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს მასშტაბით ჩვენი დასახული მიზნების შესრულება მოვახერხეთ და ზედიზედ ვიჩემპიონეთ, რაც ურთულესია. ბოლო სეზონში ასევე გუნდის ბომბარდირიც გავხდი და ეს ძალიან მახარებს. მინდა ბიჭებს და სტაფს მადლობა ვუთხრა ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის, მათ გარეშე ასეთ შედეგს ვერ ვაჩვენებდი. შეიძლებოდა, რომ "დინამოს" და შენი თანამშრომლობა გაგრძელებულიყო... ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მე "დინამოსთან" არსებული კონტრაქტი ამომეწურა. იყო გუნდის მხრიდან გახანგრძლივების შემოთავაზება, თუმცა ევროპული ვარიანტი ვარჩიე, რაშიც კლუბმა ხელი არ შემიშალა. ვთვლი, რომ უკვე დადგა მომენტი, როდესაც ძალების სხვა ჩემპიონატში მოსინჯვა მმართებს. უნგრეთის ჩემპიონატი საკმაოდ პროგრესირებს და ვთვლი ჩემი კარიერისთვის სხვა ასპარეზის გამოცდა უკეთესი იქნება. თან "მეზოკოვეშდის" მწვრთნელი ატილა პინტერია, რომელსაც ქართველებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თავად გუნდმა ბოლოს თასის ფინალი ითამაშა და ევრო საკვალიფიკაციოზე იასპარეზა. "მეზოკოვეშდში" აქამდე ბუდუ ზივზივაძეც წარმატებით თამაშობდა, ახლა კი ჩემთან ერთად ლუკა ლაკვეხელიანი იქნება და შეიძლება გაგი მარგველაშვილიც დაგვემატოს. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, საქართველო საუკეთესო სახით წარმოვაჩინოთ. "დინამოს" მხოლოდ გამარჯვებას და წინსვლას ვუსურვებ. ახალ სეზონში ზედიზედ მესამე ჩემპიონობას და სეზონის სტარტზე კი სუპერთასის მოგებას. ევროთასებზე მინდა წარმატებული წელი ვუსურვო გუნდს. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც "დინამოში" მუშაობს, ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც პანდემიის დროსაც გვაგრძნობინებდა გვერდში დგომას. "დინამო" ყოველთვის დარჩება ჩემს გულში და მე ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები.

სხვა სტატიები