ნოდარ ქავთარაძე: “როცა სეზონი განახლდება, გუნდს სრული დატვირთვით შევუერთდები”

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს, ფეხბურთელები ფორმის შენარჩუნებას საშინაო პირობებში ცდილობენ. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ამას ქართველი სპორტსმენები.

ამჯერად, ამ თემაზე “დინამო თბილისის” შემტევ ნოდარ ქავთარაძეს გავესაუბრეთ. 27 წლის ნახევარმცველს ტრავმა აწუხებდა და Live.ge-სთან ინტერვიუში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის და არსებული რეალობის შესახებ ისაუბრა.

როგორ ცდილობ არსებული პაუზის დროს ფორმის შენარჩუნებას?

პირველ რიგში ვცდილობ, რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო. რა თქმა უნდა სახლის პირობებში ვარჯიში რთულია, მაგრამ გვაქვს კონკრეტული, მორგებული პროგრამა, რომელსაც ყოველკვირეულად ვცვლით. ასევე გვაქვს კომუნიკაცია მწვრთნელებთან და ვიღებთ მათგან მითითებებს. ასევე გავდივარ ტყეში და ისეთ ადგილებში, სადაც ხალხი თითქმის არ არის და დავრბივარ.

გარდა ამისა, ვინაიდან სახლის პირობებში დიდ ენერგიას არ ვხარჯავ, ვცდილობ კვების ხარჯზე წონა არ მოვიმატო. მაქსიმალურად ვიცავ რაციონს, ვარეგულირებ ცილებს, ნახშირწყლებს და ა.შ.

ტრავმა გაწუხებდა და ამის გამო ახალ სეზონში არც გითამაშია. როგორია ამჟამად შენი მდგომარეობა?

რთული ტრავმა აღმოჩნდა და აღდგენითი პროცესი დიდხანს გაგრძელდა. დინამიკა კარგი მაქვს ნელ-ნელა ვუმატებ და ვფიქრობ, მაშინ, როცა სეზონი განახლდება გუნდს სრული დატვირთვით შევუერთდები.

ნოდარ ქავთარაძე: "როცა სეზონი განახლდება, გუნდს სრული დატვირთვით შევუერთდები" 1“დინამოში” ახალი სეზონიდან ახალი მწვრთნელია. შენ კახა ჩხეტიანთან მუშაობის გამოცდილება გაქვს, რას იტყვი მის შესახებ?

დიახ, ქუთაისის “ტორპედოში” ჩვენ ერთად ვიყავით. მასთან გატარებული პერიოდი ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული და სასიამოვნო იყო.

რაც შეეხება უშუალოდ სათამაშო კუთხეს, მისი სქემებით თამაში სასიამოვნოა. ბატონ კახას უყვარს პირველ ნომრად თამაში, უპირატესობის შექმნა მოედნის ყველა წერტილში, ბურთის კონტროლი და ფლანგების დატვირთვა, რაც შეტევაში თავისუფლად მოქმედებაში მეხმარება.

გარდა მწვრთნელისა, ზამთარში “დინამოში” უშუალოდ შემადგენლობაც შეიცვალა, როგორია ამჟამად გუნდის ბირთვი და რა მიზნისთვის შეუძლია ბრძოლა გუნდს ამ რესურსით?

“დინამოს” მიზანი ყოველთვის პირველობაა და ამ სეზონშიც იგივე მიზნისთვის ვიბრძოლებთ, ტიტულის დაცვა გვინდა. რაც შეეხება ევროთასებს, ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ფორმატში ჩატარდება, ამიტომ კონკრეტულ მიზნებზე საუბარი გამიჭირდება.

უშუალოდ გუნდში კარგი განწყობაა, თუმცა ბევრი ახალწვეულია და სრულად შესათამაშებლად გარკვეული დრო გვჭირდება.

ნოდარ ქავთარაძე: "როცა სეზონი განახლდება, გუნდს სრული დატვირთვით შევუერთდები" 2პირველობისთვის ბრძოლა რთული ამოცანაა და ეს წინა სეზონშიც გამოჩნდა, რონელი გუნდები იქნებიან ამ საქმეში თქვენი მთავარი კონკურენტები?

ოთხი წელია საქართველოს ჩემპიონატში ვთამაშობ და მთავარი, რასაც მივხვდი, არის ის, რომ არ შეიძლება მატჩის წინ რომელიმე მეტოქეს იოლი უწოდო და შეხვედრა მარტივად მოსაგებად მიიჩნიო. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ, როგორც ჩვენ, ისე “ბათუმის დინამომ” საწყის ორ ტურში გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, თანაც უმაღლეს ლიგაში ახალამოსულ გუნდებს დავუპირისპირდით. თუმცა, გამოკვეთილი მეტოქეები სწორედ ბათუმის “დინამო”, “საბურთალო” და “ლოკომოტივი” იქნებიან.

ეროვნული ლიგის გაზაფხული-შემოდგომის ფორმატი სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ევროტურნირების წინ გუნდები ფორმაში ყოფილიყვნენ. წინა სეზონში “დინამო” ევროპის ლიგას სწორედ ფორმის პიკში შეხვდა. როგორი იქნება წელს ამ მხრივ მდგომარეობა?

დიახ, წინა წელს “დინამოს” ფორმის პიკი ევროპის ლიგაზე გამოსვლის დროს ჰქონდა. მე იმ პერიოდში შევუერთდი გუნდს, რომელსაც ზედიზედ 9 მატჩი მოგებული ჰქონდა და კარგი ფორმა გავაგრძელეთ. სატურნირო ბადეში და უშუალოდ “ფეიენორდთან” სტუმრად ჩატარებულ მატჩშიც ცოტა რომ გაგვმართლებოდა, მეტი წარმატების მიღწევა შეიძლებოდა. გარდა ამისა, როტერდამში მატჩის დასაწყისში ფსიქოლოგიური წნეხიც გვქონდა, რადგან გამორჩეული გულშემატკივრობა ვნახეთ, რაც საქართველოს სტადიონებზე იშვიათია.

რაც შეეხება წლევანდელ გათამაშებას, არ ვიცით როდის მოხერხდება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყება და რა პირობებში მოგვიწევს თამაში, თუმცა პაუზა გუნდების სათამაშო ფორმას რომ დაღს დაასვამს ეს ნათელია.

ნოდარ ქავთარაძე: "როცა სეზონი განახლდება, გუნდს სრული დატვირთვით შევუერთდები" 3სფფ-ს გენერალური მდივნის თქმით, სეზონის 36 ტურად ჩატარება თითქმის გამორიცხულია. არსებობს 2 წრედ დასრულების ვერსია, რას ფიარობ ასეთ ფორმატზე?

ფედერაციაში პროფესიონალები მუშაობენ და დარწმუნებული ვარ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვეულებრივი ფორმატით ჩატარება, მართლაც ძალიან რთული წარმოსადგენია, რადგან ევროტურნირების, თასისა და ლიგის მატჩები გადატვირთულ გრაფიკს მოგვცემს. სეზონის ორ წრედ გაგრძელება, ერთ-ერთი სწორი ვარიანტია.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.

(891)

ნოდარ ქავთარაძე: “როცა სეზონი განახლდება, გუნდს სრული დატვირთვით შევუერთდები”

სტატიის ავტორი
-