Belive

ოლეკსანდრ ზინჩენკო ლონდონურ კლუბს ოფიციალურად შეუერთდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ახლა უკვე ოფიციალურად ოლეკსანდრ ზინჩენკო "არსენალის" ფეხბურთელია. სატრანსფერო თანხა £32 მილიონია. 25 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგისა და საერთაშორისო მატჩების დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მან "მანჩესტერ სიტიში" 128 მატჩი ჩაატარა და უკრაინისთვის 52-ჯერ ითამაშა. "ზინიმ" კარიერა "შახტარის" ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო და ამის შემდეგ, 2015 წელს, რუსეთში, "უფაში" გადავიდა, სადაც 31 შეხვედრა ჩაატარა. რუსული კლუბის შემდეგ, 2016 წლის ივნისში, მან ხელი "მანჩესტერ სიტისთან" მოაწერა. 2016/2017 წლების სეზონი ზინჩენკომ იჯარით ჰოლანდიურ "პსვში" გაატარა და ამის შემდეგ, კვლავ "სიტიში" დაბრუნდა. უკრაინელმა ფეხბურთელმა "ქალაქელებთან" ერთად ოთხი პრემიერ ლიგის, EFL და FA თასის მოგება შეძლო. "არსენალის" მთავარმა მწრთნელმა მიკელ არტეტამ ოლეკსანდრზე ისაუბრა:
”ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ალექსი შემოგვიერთდა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მე პირადად ძალიან კარგად ვიცნობ. მე მასთან  "მანჩესტერ სიტიშიც" ვმუშაობდი. ალექსი მაღალი ხარისხის მოთამაშეა, რომელსაც თამაშში მრავალფეროვნების შეტანა შეუძლია. საუბარია არა მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც მას შეუძლია თამაში, არამედ მრავალმხრივობაზეც, რომელსაც ის მოგვცემს შეტევაში და დაცვაში. ალექსი არის ადამიანი, რომელსაც აქვს დადებითი პიროვნული თვისებები და ხასიათი. მოხარული ვარ, რომ ყველამ დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა ალექსს ჩვენთან ეთამაშა."
უკრაინელი უკვე შეუერთდა გუნდს ორლანდოში, წინასასეზონო შეკრებაზე. მისი სათამაშო ნომერი ამჟამად ცნობილი არ არის. "მეთოფეებისთვის" ზინჩენკო, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, მეხუთე შენაძენია. ლონდონელებმა გაბრიელ ჟესუსის, მარკინიოსის, მეტ ტერნერის და ფაბიო ვიეირას დამატება შეძლეს.

სხვა სტატიები