Belive

ოლივერ კანი ალაბას აგენტს აკრიტიკებს | დავიდ ალაბა გერმანულ გრანდს ტოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მეკარე ოლივერ კანი დავიდ ალაბას აგენტის, პინი ზაჰავის ქმედებებით უკმაყოფილოა - საქმე იმაშია, რომ ავსტრიელმა ფეხბურთელმა გერმანულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ალაბას ტრანსფერის შესახებ მსოფლიო სპორტულ მედიაში ჯერ კიდევ 1 წლის წინ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უქმობის დროს იწერებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ფეხბურთელი ამ დრომდე "რეკორდმაისტერის" რიგებში რჩება. "ბაიერნის" დირექტორი ოლივერ კანი აცხადებს, რომ პინი ზაჰავი რეალობისგან მოწყვეტილია და მისი ქმედებები ადეკვატურობას არ ექვემდებარება. თავად ავსტრიელმა ფეხბურთელმა უკვე დაადასტურა, რომ ზაფხულში მისი 13-წლიანი მიუნხენური კარიერა დასრულდება, რადგან კლუბისგან ახალი შეთავაზება უარყო. კანი ფიქრობს, რომ ახალი გარიგების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი პინი ზაჰავია და აღნიშნულით სრულიად იმედგაცრუებულია.
"გარკვეულწილად, რომ უკმაყოფილო ვარ, ისედაც თვალსაჩინოა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ამ ფაქტს. ვფიქრობ, რომ პინი ზაჰავი რეალობას მოწყვეტილია." "ჩვენ დავით ალაბას ძალიან ვაფასებთ, ის არაჩვეულებრივი ადამიანია, გამორჩეული მისი მეგობრული თვისებებით. მიუხედავად იმისა, რომ მის შესანარჩუნებლად ყველაფერს ვცდილობდით, შეთანხმება ვერ შედგა." "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი გუნდი სამომავლოდ 100%-ით დაიხარჯება იმისათვის, რომ მსგავსი გახმაურებული ტრანსფერი არ შედგეს და გუნდს მნიშვნელოვანი ფიგურა არ გამოაკლდეს, მაგალითად ისეთები, როგორიცაა - ლევანდოვსკი, მიულერი და ა.შ.", - აცხადებს ოლივერ კანი Kicker-თან ინტერვიუს დროს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ალაბას მომავალს ძალიან ბევრ ძლიერ გუნდს უკავშირებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "ჩელსი", "რეალი", "ბარსელონა" და ა.შ. იყო ცნობები, თითქოს ალაბა და "რეალი" უკვე შეთანხმდნენ, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რომელ კლუბს აირჩევს ავსტრიელი, რადგან მისი მამა ამტკიცებს, რომ მადრიდელებთან შეთანხმება ჯერ არ დასრულებულა. დავიდ ალაბა “ბაიერნის” რიგებში 2010 წლიდან ირიცხება, მან მინდორზე “რეკორდმაისტერის” მაისურით 419 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში 33 გოლის გატანა და 50 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები