Belive

ომისგან გამოქცევიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე - ოლექსანდრ ზინჩენკოს ისტორია

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
"მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ"-ს შორის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში უკრაინელმა ფეხბურთელმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ შეუცვლელად ითამაშა. ცხადია, ასეთი პრესტიჟული ტურნირის ფინალში გასვლა ინგლისელთა ყველა წევრისთვის განსაკუთრებული მიღწევა იყო, თუმცა 24 წლის მცველისთვის ეს დღე ორმაგად განსაკუთრებული იყო.

ამ ყველაფერს ისიც ადასტურებს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, ზინჩენკომ ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა

  ზინჩენკოს ისტორია ასეთია - ის 17 წლის იყო, როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო. "შახტარის" ახალგაზრდა ფეხბურთელს უკრაინიდან გამოქცევა მოუწია - მან გუნდთან კონტრაქტიც გაწყვიტა. ოლექსანდრმა დროებით, 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის თებერვლამდე კარიერაში პაუზა აიღო, ფეხბურთის თამაში კი რუსეთში განაახლა და ხელშეკრულება "უფასთან" გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი უკრაინაში მოღალატედ ბევრმა შერაცხა, ის ეროვნულ ნაკრებში მაინც მიიწვიეს. 18 წლის ასაკში ოლექსანდრ ზინჩენკოს დებიუტი ჰქონდა.
უკრაინელმა "უფას" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც "მან სიტის" ყურადღება მიიპყრო. ინგლისელებმა 19 წლის ბიჭის სანაცვლოდ 1,8 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველი სეზონი ოლექსანდრმა "პსვ"-ში, იჯარით გაატარა, ინგლისში დაბრუნების შემდეგ კი გვარდიოლამ მისი პოზიცია ნახევარმცველიდან მარცხენა მცველად შეცვალა. 2017/18 წლების სეზონში ზინჩენკომ პრემიერ ლიგაში 8 მატჩი (აქედან 6 ძირითად შემადგენლობაში), 4 თამაში ინგლისის თასზე და ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა. უკრაინელს ფიზიკურ მომზადებასა და პოზიციურ თამაშზე პრობლემები ჰქონდა, რაც ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ მას პრობლემებს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, ზინჩენკომ ამბიციური გუნდის - "ვულვზის" ყურადღება მიიპყრო. მხარეებს შორის სატრანსფერო ფასზეც (16 მილიონი ევრო) შედგა შეთანხმება, თუმცა თავად ოლექსანდრმა შემოთავაზება დაბლოკა და "სიტის" ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლის გაგრძელება არჩია. ასეთი მებრძოლი ხასიათის მეშვეობით, 24 წლის ფეხბურთელმა პეპ გვარდიოლას მეტი ნდობა დაიმსახურა. 2018/19 წლებში ყველა ტურნირზე ზინჩენკომ 29 მატჩიდან 27 სასტარტო 11-ეულში დაიწყო, ჯამში კი 1 გოლსა და 5 ასისტს მოუყარა თავი. 2019 წლის მიწურულს ის სრულიად დამსახურებულად, უკრაინის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. 2019 წელს "მანჩესტერ სიტისთან" "ტრებლის" შესრულების შემდეგ, ზინჩენკოს კარიერაში მძიმე პერიოდი დადგა. ფეხბურთელმა მუხლზე ოპერაცია ორჯერ გაიკეთა, რის გამოც ბევრის გამოტოვება მოუწია.
რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ზინჩენკოს ტრავმებმა თავი დასაწყისში ისევ შეახსენა. მარცხენა მცველს პრემიერ ლიგის საწყის 14 ტურში მოედანზე მხოლოდ 12 წუთი ჰქონდა გატარებული, თუმცა ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილში "სიტის" მარცხენა დაცვის შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა. 2021 წელს ოლექსანდრის კარიერაში კიდევ ერთი გამორჩეული ფაქტი მოხდა - მან უკრაინის ნაკრებს მარტში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამივე მატჩში უკაპიტნა.
რაც შეეხება "პსჟ"-სთან მატჩს, უკრაინელმა ნახევარფინალში დამაჯერებლად ითამაშა და პირველი გოლის კომბინაციაში მონაწილეობაც მიიღო. ოლექსანდრმა თავი ნეიმარის სახიფათო დარტყმულის დაბლოკვითაც დაგვამახსოვრა.

ზინჩენკო ნეიმარის წინააღმდეგ:

  29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დიდია იმის შანსი, რომ ზინჩენკომ მანჩესტერელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს. წარმატების შემთხვევაში, ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორია იქნება...

სხვა სტატიები