Belive

ოფიციალურად: არსენალი მხითარიანთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"არსენალის" მესვეურებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ევროპა ლიგის ფინალში ჰენრიკ მხითარიანი გუნდთან ერთად არ გაემგზავრება ბაქოში და ლონდონში დარჩება. "იმედგაცრუებულნი ვართ იმ გარემოებით, რომ ჰენრიკ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალში, "ჩელსის" წინააღმდეგ ჩვენთან ერთად არ იქნება. თავდაუზოგავად ვშრომობდით, იმისათვის რომ მიკი ჩვენთან ერთად ყოფილიყო. ყველა გარემოების გაანალიზების, მიკისა და მის ოჯახთან გამართული საუბრების შემდეგ კი მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იგი ჩვენთან ერთად არ იმგზავრებს." "სიტუაციის სიმწვავესთან დაკავშირებით, UEFA-ს უკვე მივწერეთ ოფიციალური წერილი. სეზონის განმავლობაში მხითარიანი უმნისვნელოვანესი ფეხბურთელი იყო ჩვენთვის. მან დიდი წვლილი შეიტანა იმისათვის, რომ "არსენალს" ფინალში ეასპარაზა - ახლა კი იგი უდიდესი დანაკლისია." "გულდაწყვეტილი ვართ იმ ფაქტით, რომ ფეხბურთელს ასეთი მნიშვნელოვანი ფინალის გამოტოვება უწევს ამ მიზეზებიდან გამომდინარე. მსგავსი რამ ფეხბურთელის კარიერაში იშვიათად ხდება." "მიკი ჩვენთან ერთადაა და ბაქოში გამგზავრებამდე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა იგი ჩვენთან ერთად არ იმგზავრებს." - აღნიშნულია "არსენალის" განცხადებაში. შეგახსენებთ, ჰენრიკ მხითარიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის გამო, ბაქოში გუნდთან ერთად ვერ მიემგზავრება. გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში ჩასვლის შემთხვევაში საკმაოდ დიდი იყო იმის შანსი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა.

სხვა სტატიები