Belive

ოფიციალურად | არსენალისა და ლივერპულის დაპირისპირება გადაიდო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც "არსენალი" "ლივერპულს" უნდა დაპირისპირებოდა გადაიდო. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩის გადადების მიზეზი მერსისაიდული გრანდის რიგებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებია. ალისონ ბეკერი, რობერტო ფირმინო, ჯოელ მატიპი, იურგენ კლოპი და მისი ასისტენტი პეპ ლინდერსი კოვიდ ინფიცირებულები არიან და იზოლაციაში იმყოფებიან. "ლივერპულმა" 5 იანვარს საწვრთნელი ბაზაც დახურა. "ლივერპულის" წარმომადგენლებმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას მატჩის გადადების თხოვნით ოფიციალურად მიმართეს. მერსისაიდელთა განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსის შემთხვევების საგრძნობლად მატების გამო, "ლივერპული" საჭირო რაოდენობის ფეხბურთელების მობილიზებას ვერ შეძლებდა. ინგლისური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ "ლივერპულის" თხოვნა დააკმაყოფილა. "არსენალისა" და "ლივერპულის" ნახევარფინალური დაპირისპირება 6 იანვარს, თბილისის დროით, 23:45 საათზე იყო ჩანიშნული. ამ წუთისათვის უცნობია, თუ როდის გაიმართება გადადებული მატჩი. შეგახსენებთ, ლიგის თასის კიდევ ერთ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "ჩელსი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს. ლონდონური დერბი 5 იანვარს, თბილისის დროით, 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები