Belive

ოფიციალურად: ბარსელონას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაში" საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და ხმების დათვლის პროცესიც დასასრულს უახლოვდება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ამ მომენტისთვის ხმათა საერთო რაოდენობის 99.36% დათვლილია და ამ მონაცემების მიხედვით, ჟოან ლაპორტა დამაჯერებლად ლიდერობს. ლაპორტამ ხმათა 57.63% დააგროვა, რაც დაახლოებით 30 000-მდე ხმას უდრის. შესაბამისად, დარჩენილი ხმების დათვლის შემდეგაც, ნებისმიერ შემთხვევაში, 58 წლის ესპანელი გამარჯვებული იქნება. მეორე ადგილი ვიქტორ ფონტიმ დაიკავა, რომელსაც მხარი 31.48%-მა დაუჭირა, მესამე ადგილზე კი ტონი ფრეიშა გავიდა, რომლის მხარდამჭერთა რაოდენობამაც 9.13% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა 57 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივობა 51%-ს შეადგენდა. ლაპორტა "ბარსელონას" 2003-10 წლებში ხელმძღვანელობდა და ეს კლუბის არსებობის 121 წლიან ისტორიაში საუკეთესო პერიოდი იყო. ამ წლებში, "ბლაუგრანამ" 4-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, კოპა დელ რეი, თითო-თითო ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სწორედ ლაპორტასთან ასოცირდება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაციის გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც პეპ გვარდიოლა ხელმძღვანელობდა.

სხვა სტატიები