Belive

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის სამგზის ჩემპიონში გადავიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბოლო დღეებში, უნგრულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - ბუდუ ზივზივაძე "მოლ ფეჰერვარში" გადავიდა. 26 წლის თავდამსხმელი უნგრული "მეზოკოვეშდიდან" ვიცე-ჩემპიონმა გუნდმა შეიძინა, მისი კონტრაქტი ძალაში კიდევ ერთი წლით იყო, ამრიგად ყოფილ "ვიდეოტონს" ხელშეკრულების გამოსყიდვა მოუწევს. კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით უცნობია. "ბუდუს შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დუნაესკა სტრედასთან" მატჩში შევიტყვეთ, სადაც ზივზივაძემ გოლი გაიტანა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, მაშინ ის "დინამოში" თამაშობდა. წინა სეზონში შანსი მოგვეცა, რომ ბუდუს შესაძლებლობებისთვის თვალი კიდევ უფრო ახლოდან გვედევნებინა - ის "მეზოკოვეშდის" სიძლიერის ერთ-ერთი განმაპირობებელი იყო. ის არის ძლიერი, სწრაფი, სტაბილური და გამოცდილი თავდამსხმელი, რომლის უნარ-ჩვევებიც ჩვენს სათამაშო ფილოსოფიას ერგება. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენს კლუბს წარმატებას მოუტანს", - თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ზოლტან კოვაჩმა. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერის გაგრძელებას ასეთი დიდი ისტორიის მქონე კლუბში მიწევს. საქართველოში ორჯერ საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. არ დავმალავ, რომ იგივე შედეგის გამეორება უნგრეთის ჩემპიონატშიც მსურს. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს წინ წარმატებული პერიოდი ელის და შევეცდები ბევრი გოლით ამაში ჩემი წვლილი მეც შევიტანო. გუნდი უნგრეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მაგრამ ჩვენი მიზანი ევროპის ლიგაში მაქსიმალური წარმატების მიღწევაც იქნება", - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა. ქართველი ლეგიონერისთვის წინა სეზონი უნგრეთში სადებიუტო იყო, "დინამო თბილისის", ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიას" და "ესბიერგის" ყოფილმა ფორვარდმა "მეზოკოვეშდში" 40 მატჩში 11 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა შეასრულა, ქვეყნის თასის ფინალში ითამაშა და ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

სხვა სტატიები