Belive

ოფიციალურად: დავით მუჯირმა ეროვნული ლიგის განახლების თარიღი დაასახელა  

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ეროვნული ლიგის განახლებასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველოს ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება. "29 მაისს, საქართველოს მთავრობამ ოფიციალური ცნობა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა სპორტული ორგანიზაციების ფუნქციონირების განახლების თარიღი და შეზღუდვების რეგლამენტი. შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია ძალაში მივიღოთ ის სცენარი, რომელიც აღმასკომზე განვიხილეთ და რომელიც კლუბებს შევთავაზეთ.  სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პაუზა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ყველა ლიგას მოუწევს ფორმატის შეცვლა. კონკრეტულად ეს იმას გულისხმობს, რომ ჩემპიონატის ყველა დონეზე გათამაშება განახევრდება. ეროვნული ლიგა ოთხის ნაცვლად ორ წრედ ჩატარდება, უკვე ნათამაშები ორი ტურის შედეგები ჩაითვლება და ლიგა მესამე ტურით განახლდება. ვითვალისწინებთ გულშემატკივრის ინტერესებს და გეტყვით, რომ ყველა ტური ოთხ სათამაშო დღეზე იქნება გადანაწილებული.  შესაბამის სამინისტროებთან გვქონდა კომუნიკაცია, ასევე ვიმსჯელეთ კლუბებთან ერთად, ყველა მათგანი საქმის კურსშია. ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ შიდა ჩემპიონატი ევროტურნირების დაწყებამდე განგვეახლებინა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ეროვნული ლიგა 25 ივნისს, ხუთშაბათს განახლდება. ქვედა ლიგები კი საქმეში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. რაც შეეხება საქართველოს თასს, ის აუცილებლად ჩატარდება, თუმცა კლუბები მათი ლიგის შესაბამისად ჩაერთვებიან გათამაშებაში. მაგალითად, ის კლუბები, რომლებიც ევროტურნირებზე გამოდიან, თასზე 1/8-ფინალიდან იასპარეზებენ. თავდაპირველად, ჩემპიონატის შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდება", - განაცხადა დავით მუჯირმა. შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საფეხბურთო სეზონი მარტის შუაში შეჩერდა. ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 2 ტურის შემდეგ, თბილისის "ლოკომოტივი" 6 ქულით ლიდერობს.

სხვა სტატიები