Belive

ოფიციალურად: ედინსონ კავანი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ალექს ტელეშის შეძენიდან სულ მალე "მანჩესტერ იუნაიტედმა" ედინსონ კავანის ტრანსფერი გააოფიციალურა, ურუგვაელი ფორვარდი ინგლისური კლუბის მესამე შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო სეზონში.    

მას შემდეგ რაც სოლსკიაერის გუნდს ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი არ გამოუვიდა, ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისურის მფლობელი სწორედ კავანი გახდა. 2019/20 წლების ლიგა 1-ის სეზონის დასრულებისა და "პსჟ"-ს დატოვების შემდეგ შემდეგ ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი უკლუბოდ იყო, მის სახელს უკავშირებდნენ "ატლეტიკოსა" და "ბენფიკას", თუმცა საბოლოო ჯამში ედინსონმა თავი "ოლდ ტრაფორდზე" ამოყო სადაც მომდევნო ორ წელს გაატარებს.
" ეს ჩემთვის დიდი პატივია, "მანჩესტერი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მთელი ეს თვეები თავდაუზოგავად ვშრომობდი ახლა კი ერთი სული მაქვს როდის შევუტევ მეტოქეების კარს. კარიერის მანძილზე არაერთი გამორჩეული ატმოსფეროს მომსწრე გავმხდარვარ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ფანების დაბრუნებას მოუთმენლად ველი. ვიცი რომ ხმაურიანი გარემო აქაც არ მომაკლდება. ასე რომ ჩემს წიგნში ისტორიის წერა გრძელდება, მწვრთნელთან საუბარმა კი მოტივაცია გამიათმაგა." განაცხადა კავანიმ
როგორც ამბობენ კავანი "მანჩესტერში" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება  და "წითელი ეშმაკები" იმედოვნებენ რომ ის ზლატან იბრაჰიმოვიჩის გზას გააგრძელებს, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" ასევე "პსჟ"-დან მოხვდა და  რომელმაც 28 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში 17-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. რაც შეეხება ედინსონ კავანის მისი რეზიუმე საკმაოდ სერიოზულია, 586 შეხვედრაში გატანილი 353 გოლი შესანიშნავი სტატისტიკაა ხმამაღალი განცხადებების გასაკეთებლად. კავანი ასევე "პსჟ"-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 200 გოლით, თუმცა წინა სეზონში ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი მაურო იკარდიმ დაიკავა, კავანიმ კი ყველა ტურნირზე მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო. ურუგვაელი, რომელსაც ფეხბურთი თითქმის 7 თვეა არ უთამაშია ფორმას ურუგვაის ნაციონალურ ბალეტთან ვარჯიშით ინარჩუნებდა.
"არ ვფიქრობ, რომ ყველა ბიჭმა მხოლოდ ფეხბურთი უნდა ითამაშოს, მიმაჩნია, რომ ყველამ, გოგომაც და ბიჭმაც იქ უნდა სცადოს ბედი სადაც უხარია და გული მიუწევს, ასე დღიდან დღემდე ისინი სულ უფრო უკეთესები გახდებიან" - ასე ახსნა ეს ფაქტი კავანიმ.
"მანჩესტერი" რომელიც ბოლო პრემიერ ლიგურ შეხვედრაში, შინ "ტოტენჰემთან" 1:6 დამარცხდა, მომდევნო შეხვედრას სტუმრად 17 ოქტომბერს "ნიუკასლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები