Belive

ოფიციალურად: ენდი რობერტსონმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"ლივერპულის" მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა მერისისაიდულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, შოტლანდიელი ფლანგის მოთამაშე "წითლებს" ახლა უკვე 2026 წლამდე უკავშირდება.

ბოლო 5-წლიანი კონტრაქტის პირობებით, რომელიც მხარეებმა 2019 წლის ივლისში გააფორმეს, 27 წლის ფეხბურთელს "ლივერპულში" კიდევ სამი სეზონი უნდა გაეტარებინა. განაპირა მცველი შეუერთდება ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს, ფაბინიოს, ალისონსა და ვირჯილ ვან დაიკს, რომლებმაც იურგენ კლოპის გაწვრთნილ გუნდთან კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივეს.
"არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბედნიერი ვარ ამ კლუბში. არ არის ადგილი, სადაც ყოფნა მირჩევნია. ძალიან მიყვარს აქაურობა, ის ჩემი სახლია. მადლობა ყველას წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის პირველი დღიდან დღემდე. ჩემი ყურადღება გამახვილებულია კიდევ უფრო მეტ მუშაობაზე, რათა ჩვენ ერთად უფრო დიდი წარმატების მიღწევა შევძლოთ. მე მინდა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე ამ კლუბში და გავახანგრძლივო აქ ყოფნის პერიოდი, ეს ბედნიერი დროა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის. ჩვენ აქ დავსახლდით, ჩვენ გვიყვარს ყველაფერი ამ საფეხბურთო კლუბში და მიხარია, რომ მოგზაურობა გრძელდება", - თქვა შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა.
"ლივერპულის" ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს კვირებში გუნდის სხვა ლიდერებიც მოაწერენ ხელს ახალ კონტრაქტს, მათ შორის მოჰამედ სალაჰიც, რომლის შესახებაც იურგენ კლოპმა თქვა, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ასევე, გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის კაპიტნისთვის, ჯორდან ჰენდერსონისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი წინა ფონზე წამოწია. რობერტსონმა კარიერა შოლანდიურ "ქუინს პარკში" დაიწყო, შემდეგ თავისი სამშობლოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბს, "დანდი იუნაიტედს" შეუერთდა, სადაც ერთი, 2013/14 წლების სეზონი გაატარა, ინგლისში კი სწორედ 2014 წელს, "ჰალ სიტიში" გადაბარგდა. პრემიერ ლიგაში რობერტსონის დებიუტი ამ გუნდთან ერთად შედგა, 2017 წლიდან კი "ლივერპულის" მაისურს ირგებს, მის ტრანსფერში წითლებმა 9 მილიონი ევრო გადაიხადეს. მას შემდეგ, შეტევითი პოტენციალის უხვად მქონე განაპირა მცველმა 177 შეხვედრაში 5 გოლის გატანა და 37 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან "ლივერპულთან" ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა 30-წლიანი პაუზის შემდეგ, უეფას ჩემპიონთა ლიგა და სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მიმდინარე წლის ზაფხულში გამართულ ევრო 2020-ზე რობერტოსნმა შოტლანდიის ნაკრებს უკაპიტნა, თუმცა, ინგლისის, ჩეხეთისა და ხორვატიის D ჯგუფში, ბოლო, მეოთხე პოზიცია დაიკავა.

სხვა სტატიები