ოფიციალურად: იგალო მანჩესტერში 2021 წლამდე რჩება

30 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა, ოდიონ იგალომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 30 იანვარს გააფორმა – ნავარაუდევი იყო, რომ იგი გუნდში სულ ნახევარი სეზონის განმავლობაში დარჩებოდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელებამდე და სეზონის იძულებით შეწყვეტამდე, ნიგერიელმა ფორვარდმა გუნდის ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. შედეგად – იგალო “ოლდ ტრაფორდზე” 2021 წლის იანვრამდე რჩება.

30 წლის ფეხბურთელი ჩინური “შანხაის” საკუთრებაა. ჩინეთში ის კვირაში დაახლოებით £300,000-ს გამოიმუშავებდა, ინგლისში კი მისი ანაზღაურება 40%-ით შემცირდა. იგალომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით მოედანზე 8-ჯერ ითამაშა – მან 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

ვეტერანი ნიგერიელი ფორვარდის, ნვანკვო კანუს შეფასებით, იგალოს შეტევის ხაზში “მანჩესტერ იუნაიტედის” პრობლემების მოგვარება შეუძლია: “თუკი მის სათამაშო სტილს დააკვირდებით, მიხვდებით რომ ის ფიზიკურად ძლიერია და ბევრ გოლსაც გაიტანს. მას ლუკაკუს ჩანაცვლება შეუძლია. იგალო იმედებს არ გაგიცრუებთ,” აღნიშნა კანუმ.

 

 

(22)

ოფიციალურად: იგალო მანჩესტერში 2021 წლამდე რჩება

სტატიის ავტორი
-