Belive

ოფიციალურად: კომპანი ევროპული გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი გახდება

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" 33 წლის ცენტრალურმა მცველმა, ვენსან კომპანიმ, გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ამასთან, დღესვე გახდა ცნობილი, რომ ბელგიელი ფეხბურთელი "ანდერლეხტის" მოთამაშე-მწვრთნელი გახდება. როგორც ბრიტანული სპორტული მედია იტყობინება, კომპანი "ანდერლეხტში" მომდევნო 3 სეზონს გაატარებს. "ეს ყველაზე გაბედული და ამასთან, რაციონალური გადაწყვეტილება იყო, რომელიც დღემდე მიმიღია. "ანდერლეხტის" მხრიდან შემოთავაზება ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა მე მზად ვარ, ახალ თაობას ჩემი ცოდნა გავუზიარო და ამასთან, მათ მოედანზეც დავეხმარო," აღნიშნა ვენსან კომპანიმ. რაც შეეხება "სიტიში" გატარებულ კარიერას, კომპანიმ მანჩესტერულ გუნდზე ძალიან თბილად ისაუბრა: "სიტიმ მე ყველაფერი მომცა და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ საპასუხოდ, გუნდს ჩემგან დიდი სარგებელი მიეღო. ეს დღე ბევრჯერ მქონდა წარმოდგენილი, უკვე წასვლის დროა," აღნიშნა ბელგიელმა. ვენსან კომპანი “მანჩესტერ სიტიში” 2008 წლის აგვისტოდან ირიცხება. მან 2019 წლის 18 მაისამდე ინგლისურ კლუბში 360 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 20 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან 360 მატჩში 79 ყვითელი ბარათი და 4 წითელი ბარათი მიიღო, ჯამში კი "სიტის" მაისურით 29,753 წუთი ითამაშა. აქვე შეგახსენებთ, რომ "სიტის" გაჩემპიონებაში კომპანიმ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა - მან პრემიერ ლიგის 37-ე ტურში "ლესტერს" საოცარი გოლი გაუტანა და გუნდი ჩემპიონობას კიდევ უფრო მეტად მიახლოვა.

იხილეთ კომპანის გოლი

სხვა სტატიები