Belive

ოფიციალურად: კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - ახალგაზრდა შემტევი ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სასიხარულო სიახლე გაავრცელა. საქმე ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის საქართველოს ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ესპანეთის წინააღმდეგ დაეხმარება. ყაზანის "რუბინის" 20 წლის შემტევი შვედეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ვილი სანიოლმა მოედნიდან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფრანგმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელის მცირე ტრავმის გამო მიიღო, კვარაცხელიას ბურთი თავის არეში მოხვდა და ტკივილი იგრძნო. "ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შვედეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა ჯანმრთელადაა და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება", - წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი. მომდევნო, მეორე ტურის მატჩში, საქართველოს ეროვნული გუნდი 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები