Belive

ოფიციალურად: მარტინ ოდეგორი არსენალის ფეხბურთელია 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მარტინ ოდეგორის დამატება ლონდონის "არსენალმა" ოფიციალურად დაადასტურა. ნორვეგიელი ნახევარმცველი, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. "მეთოფეები" ტრანსფერის ფინანსურ დეტალებს თავად არ ასაჯაროვებენ, მაგრამ როგორც ბრიტანული მედიიდან ხდება ცნობილი, ინგლისელებს მადრიდის "რეალიდან" ფეხბურთელის დამატება 35 მილიონი ევრო დაუჯდათ.

"ბევრი რამ, რაც მან მოგვიტანა წინა სეზონში, ძალიან დაგვეხმარა და გაგვაუმჯობესა. ჩვენ გვჭირდებოდა მეტი ვარიანტი და ალტერნატივა შემოქმედებისთვის. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მას უკვე უზარმაზარი გამოცდილება დაუგროვდა სხვადასხვა კლუბებში და აქვს უნიკალური ნიჭი იმ მიმართულებით, რომლითაც ჩვენ გვსურს თამაში. ასე რომ, მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ, რომ კლუბმა ეს ნაბიჯი გადადგა", - თქვა ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ.
ოდეგორი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად და ამოლმავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, "სამეფო კლუბს" ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, მშობლიური "შტრომგოტშედიდან" 2.8 მილიონ ევროდ შეუერთდა. მას შემდეგ, იგი ნიდერლანდურ "ჰერენვენსა" და გურამ კაშიას "ვიტესში", ესპანურ "რეალ სოსიედადსა" და ბოლოს სწორედ ლონდონის "არსენალში" იყო განათხოვრებული. 2020/21 წლების სეზონის პირველი ნახევარი ოდეგორმა "რეალის" მთავარ გუნდში, მეორე კი "არსენალში" გაატარა და ინგლისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები