Belive

ოფიციალურად: პოლ პოგბა იუვენტუსის ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პოლ პოგბა ტურინის "იუვენტუსს" დაუბრუნდა - ფრანგმა ნახევარმცველმა "ბებერ სინიორასთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი სატრანსფერო ისტორია უნიკალურია: 2012 წელს, ახალგაზრდა მოთამაშე "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიწუნა და იტალიაში სრულიად უფასოდ გაუშვა. 4 წლის შემდეგ, "მანჩესტერმა" მის სანაცვლოდ "იუვენტუსს" €105 მილიონი გადაუხადა, ისტორია კი კვლავ განმეორდა - თავისუფალი აგენტის სტატუსით, პოგბა კვლავ "იუვეს" შეუერთდა. ცნობილია, რომ "მანჩესტერი" პოგბას შესანიშნავ კონტრაქტს (კვირაში £290,000) სთავაზობდა, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" კარიერის გაგრძელება აღარ ისურვა. "მანჩესტერის" მაისურით, 29 წლის ნახევარმცველმა მხოლოდ ევროპა ლიგისა ინგლისის ლიგის თასის მოგება შეძლო. უდავო ფაქტია, რომ ინგლისში პოგბა საკუთარ მაქსიმუმს "იუნაიტედში" ვერ ავლენდა - სანაკრებო თამაშები სწორედ ამისი დასტური იყო, სადაც იგი ბრწყინვალედ ასპარეზობდა. 2018 წელს, პოგბა მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, სადაც იგი გუნდის საკვანძო წევრი იყო. ახალგაზრდა პოგბა შესანიშნავი იყო "იუვენტუსშიც" - სწორედ ამ პერიოდში მოექცა იგი მსოფლიო ყურადღების ქვეშ. თამაშობდა სრულყოფილ ფეხბურთს - იყო პროდუქტიული როგორც შეტევაში, ასევე ბურთის განაწილებასა და დაცვით თამაშშიც. აღსანიშნავია, რომ "იუვეში" ასპარეზობისას, მან საჯარიმოს გარედან 14 გოლის გატანა შეძლო (ჯამში 34 გოლი და 32 საგოლე გადაცემა), რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენდა.
"პოგბა დაბრუნდა და ჩვენ ამაზე უფრო ბედნიერები ვერ ვიქნებოდით", - წერია "იუვენტუსის" ოფიციალურ განცხადებაში.

სხვა სტატიები