Belive

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ევროპის მასშტაბით საკლუბო ტურნირები გრძელდება და უკვე გამოიკვეთნენ მოთამაშეები, რომლებსაც ოქროს ბუცისთვის ბრძოლა შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ პირველი სამეულის მოთამაშეები საფრანგეთის "ლიგა 1"-ის ფეხბურთელები არიან.

#1 კილიან მბაპე (პსჟ) - 11 გოლი

ფრანგი ფეხბურთელი, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, რომელიც საოცარ ფორმაშია. მას ჩემპიონატში უკვე 11 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას დამსახურებულად ლიდერობს.

#2 ემილიანო სალა (ნანტი) - 11 გოლი

"ნანტის" არგენტინელი თავდამსხმელი, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად შეძლო და სეზონის სტარტზე 11 ბურთი გაიტანა. ის და მბაპე "ლიგა 1"-ის ბომბარდირთა სიას ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ "ნანტს" მიმდინარე სეზონში სულ 20 გოლი აქვს გატანილი, შესაბამისად გუნდის გოლების 50%-ზე მეტი სწორედ სალაზე მოდის.

#3 ნეიმარი (პსჟ) - 10 გოლი

"ლიგა 1"-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი ოქროს ბუცის ლიდერთა სიაში. "პარი სენ-ჟერმენის" შემტევს მიმდინარე სეზონში 10 გოლი დაუგროვდა და მესამე პოზიციას იკავებს. ნეიმარი საგოლე გადაცემებითაც გამოირჩევა.

#4 ლიონელ მესი (ბარსელონა) - 9 გოლი

"ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში უკვე 9 ბურთი აქვს გატანილი. მართალია, კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთი დატოვა და იტალიაში გადაბარგდა, თუმცა მესი აგრძელებს უმაღლეს დონეზე თამაშს. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ტრავმის გამო თითქმის 3 კვირა გაუცდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ არა დაზიანება და თამაშების გამოტოვება, ის მეტი ბურთის გატანას შეძლებდა.

#5 ლუის სუარესი (ბარსელონა) - 9 გოლი

"ბარსელონას" კიდევ ერთი ლიდერი, ლუის სუარესი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ლიონელ მესის მსგავსად 9 ბურთი დაუგროვდა. ურუგვაელი თავდამსხმელი სეზონის სტარტზე მძიმედ გამოიყურებოდა, თუმცა ეტაპობრივად ფორმაში შევიდა და გოლების გატანა დაიწყო. "ელ კლასიკო"-ში ჰეთ-თრიკი გაიფორმა და მესის არ ყოფნაში თამაში საკუთარ თავზე აიღო. სწორედ, "ბარსელონას" კაპიტანთან ერთად სუარესი "ლა ლიგის" ბომბარდირია.

#6 კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა) - 9 გოლი

პოლონელი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის "სერია ა"-ში უკვე 9-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. 23 წლის თავდამსხმელი ბომბრადირთა დავას ლიდერობს და როგორც ხედავთ, ოქროს ბუცის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია.

#7 ლუკა იოვიჩი (ფრანკფურტის აინტრახტი) - 9 გოლი

ათეულში მოხვდა ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელი, რომელიც 9 გატანილი ბურთით გერმანიის "ბუნდესლიგას" ლიდერობს. მისი გუნდი კი მეოთხე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციას მისივე თანაგუნდელი 8 გატანილი გოლით იკავებს.

#8 ედინსონ კავანი (პსჟ) - 8 გოლი

"პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც 8 გოლი აქვს და "ლიგა 1"-ის ბომბარდირთა დავაში მეხუთე ადგილზეა. ურუგვაელ თავდამსხმელს ისეთი შედეგიანი სეზონი არ აქვს, როგორიც წინა ჰქონდა, თუმცა მას, მბაპესა და ნეიმარს ერთად უკვე 29 გოლი დაუგროვდათ.

#9 ლუკ დე იონგი (პსვ ეინდჰოვენი) - 11 გოლი

ჰოლანდიელი თავდამსხმელი "ერედივიზიონ"-ში შეუჩერებელია. "პსვ"-ს რიგებში მას უკვე 11 გოლი დაუგროვდა და ტურნირის ბომბარდირია. ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში კი მეცხრე პოზიციაზეა.

#10 სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 8 გოლი

"მანჩესტერ სიტი"-სა და არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ათეულის ბოლო ადგილზეა. ის "პრემიერლიგა"-ში გამორჩეული თავდამსხმელია. აგუერო ბომბარდირთა დავას სათავეში მოექცა და ერთი ბურთით უსწრებს ედენ აზარს.
  ასე გამოიყურება ოქროს ბუცის პრეტენდენტთა ათეული. აღსანიშნავია, რომ ამ ათეულში ვერ მოხვდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ედენ აზარი. რონალდუ 8 გოლით მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აზარი 7 გატანილი ბურთით მე-20 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები