Belive

"ოქროს ქულა მოვიპოვეთ" - შოთა არველაძემ წაგებათა სერიის დასრულება შეაფასა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ჩემპიოშიფის 32-ე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "ჰალ სიტიმ" "შეფილდ იუნაიტედის" წინააღმდეგ სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა, "ვეფხვების" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა.
"ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მძიმე თამაშიდან ქულა მოვიპოვეთ - ძალიან გახარებული ვარ. "შეფილდ იუნაიტედის" ფეხბურთელები ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ერთად თამაშობენ და ერთმანეთს კარგად იცნობენ. ისინი სწრაფად თამაშობენ და უამრავ სივრცეს ქმნიან დაცვის უკან და ხვრელებში. იოლი არ იყო მათი შემტევებისთვის თვალყურის დევნება ან დაცვა, მაგრამ ჩვენ კარგად დავდექით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ორი ან სამი კარგი, აშკარა შანსი ჰქონდათ - დანარჩენი დრო კუთხურებსა და გრძელი გადაცემების მოგებაში გადიოდა. გუნდურად თავი ძალიან კარგად დავიცავით და ამით ბედნიერი ვარ, ასევე გვქონდა 2 თუ 3 ისეთი ეპიზოდი, როცა მეტოქის შეცდომის გამო დასჯა შეგვეძლო. სამი ძალიან მძიმე მატჩის შემდეგ, ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, ოქროს ქულა იყო", - თქვა საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ინგლისურ მედიასთან საუბარში.
48 წლის სპეციალისტს ინგლისურ გუნდში დანიშვნის შემდეგ ჩატარებული 5 მატჩიდან 3 წაგებული აქვს, თითო-თითოჯერ კი გამარჯვებისა და ფრის ჩაწერა მოახერხა. 32 ჩატარებული მატჩის შემდეგ, "ჰალს" 20 ქულა აქვს და მეოცე ადგილს იკავებს, რაც გუნდს გასავარდნი ზონისგან ორი საფეხურით მაღლა ყოფნის შესაძლებლობას აძლევს.

სხვა სტატიები