Belive

ბარსელონამ მივიწყებული ოსკარი გაიხსენა: ბრაზილიელი მოლაპარაკებებს ადასტურებს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ოსკარ დოს სანტოს ჟუნიორმა ევროპა მაშინ დატოვა, როდესაც იგი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ყალიბდებოდა. კარიერულ ზრდას ბრაზილიელმა ჩინეთში ყოველკვირეულად €645,000-ის გამომუშავება არჩია და მას შემდეგ, ევროპული რადარიდან დიდი ხნის განმავლობაში გაქრა. თუმცა როგორც ჩანს, შესაძლოა ოსკარი კვლავ ევროპაში ვიხილოთ: მისი შეძენით "ბარსელონა" ინტერესდება. ოსკარმა, რომელმაც ლონდონის "ჩელსი" 2017 წელს დატოვა, კატალონიურ გრანდთან მოლაპარაკებები საჯაროდ დაადასტურა. 30 წლის ფეხბურთელი ამჟამად "შანხაი პორტის" ღირსებას იცავს და მზადაა, კოლოსალური ანაზღაურება მნიშვნელოვნად შეამციროს.
"დიახ, აგენტმა მითხრა, რომ ჩემი შეძენა ბარსელონას სურს და ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვიცი, რომ ამ გუნდს ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ "ბარსას" ახალი ფეხბურთელების გაფორმებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს (იგულისხმება დანი ალვეშის ტრანსფერი). თუკი "ბარსა" სატრანსფერო პრობლემებს მოაგვარებს, ჩემს აგენტთან აუცილებლად გავისაუბრებ. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩემი შეძენა ასეთ დიდ კლუბს სურს. ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფები და ესპანეთში გადასვლა ჩემი კარიერისთვის ძალიან კარგი სიახლე იქნება. ესპანეთში იმასაც ითვალისწინებენ, რომ მე გამოცდილი ფეხბურთელი ვარ, "ბარსელონაში" კი ბევრი ახალგაზრდა თამაშობს, რომლებსაც გამოცდილებას გავუზიარებ", - აღნიშნა ოსკარმა.
ამ ეტაპზე, ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ფინასური მხარე მეორეხარისხოვანია: ოსკარმა იცის, რომ ფინანსური პრობლემების ფონზე, "ბარსელონაში" ყოველკვირეულად €645,000-თან მიახლოებულ თანხასაც კი არ გადაუხდიან.
"ჩინეთში ახლა შესვენებაა და "ბარსელონაში" იჯარის წესით თამაში და დანი ალვეშივით ნაკლების გამომუშავება ჩემთვის მისაღები იქნება. როგორც ვიცი, მას მინიმალური ანაზღაურება აქვს. ჩემთვის უცნობია, თუ რა დროით სურს "ბარსელონას" ჩემი დამატება, მაგრამ 6-თვიან იჯარაზე მე თანახმა ვარ", - დაამატა მან.
ჩინეთში გადასვლამდე, ოსკარმა "ჩელსიში" 203 მატჩი გამართა და ამ პერიოდში 38 გოლსა და 37 საგოლე პასს მოუყარა თავი. აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, "ბარსელონამ" ჩინეთიდან მოულოდნელად ბრაზილიელი პაულინიო დაიმატა, რომელსაც "ბლაუგრანაში" ურიგო სეზონი არ ჰქონია (49 მატჩი, 9 გოლი, 3 ასისტი).

სხვა სტატიები