Belive

პანდემიისგან გამოწვეული შედეგი - ოზილის შემდეგ, არსენალს სოკრატისიც ტოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლონდონის "არსენალმა" ბერძენ მცველს, სოკრატის პაპასტოპულოსს კონტრაქტი შეუჩერა - 32 წლის ფეხბურთელი გუნდს ისე ემშვიდობება, რომ მიმდინარე სეზონში, 1 მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

რატომ გაუშვეს სოკრატისი?

მიმდინარე სეზონში, "არსენალის" ქომაგებს სოკრატისი მოედანზე არ უნახავთ. ბერძენ ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების ფონზე, ლონდონურმა კლუბმა ზედმეტი ხარჯისგან ნაადრევად გათავისუფლება გადაწყვიტა. COVID-19-მა პრემიერ ლიგის გუნდებს, ფინანსური თვალსაზრისით, დიდი დარტყმა მიაყენა. ცნობილია, რომ სწორედ ამ მიზეზით, "არსენალმა" Bank of England-ისგან £120 მილიონი ისესხა.

დატოვა თუ არა არსენალი ბოლო პერიოდში სხვა ფეხბურთელმაც?

დიახ, ლონდონური კარიერა დაამთავრა მესუთ იოზილმა, რომელიც კარიერას თურქულ "ფენერბახჩეში" გააგრძელებს. მისი ოფიციალური წარდგენა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაიმართება. ბრიტანული მედიის ცნობით, უახლოეს პერიოდში, "არსენალს" იჯარის წესით, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.

რა კვალი დატოვა სოკრატისმა არსენალში?

სოკრატისი "ნისლიან ალბიონზე" 2018 წელს, "დორტმუნდიდან" გადაბარგდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. სწორედ იმ სეზონში, "არსენალმა" ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა. გასულ სეზონში, ბერძენმა სულ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. “სოკრატისი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო და ის თავისი შრომისმოყვარეობით იყო გამორჩეული. კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ორივე მხარემ მიიღო. პაპას და მის ოჯახს კარგად ყოფნას ვუსურვებთ", - განაცხადა "არსენალის" ტექნიკურმა დირექტორმა, ედუმ.

სხვა სტატიები