Belive

პატრის ევრამ საუკეთესო თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის," "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, თანაგუნდელებისგან დაკომპლექტებული საუკეთესო გუნდი დაასახელა. საინტერესოა, რომ 38 წლის ფრანგის გუნდში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ევრამ გუნდს მიღმა უეინ რუნი, ნემანია ვიდიჩი და მაიკლ კერიკი დატოვა. ყველაზე დიდი კამათი კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჯორჯო კიელინის განმწესებამ გამოიწვია.

მეკარე - ედვინ ვან დერ სარი

ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ვან დერ სარი ერთადერთი მეკარეა მსოფლიოში, რომელიც ურთულესი ბურთის მოგერიების შემდეგ, მცველებს არ უყვირის. ჰოლანდიელი ძალიან მშვიდი ფეხბურთელი იყო, ხშირად გველაპარაკებოდა და ყოველთვის სწორ პოზიციას ირჩევდა.

მარჯვენა მცველი - დანი ალვეში

საოცარი ფეხბურთელი იყო. გუნდში დანი ალვეშის ნაცვლად, გარი ნევილის დაყენებაც შემეძლო, თუმცა ბრაზილიელი გაცილებით უფრო ნიჭიერი იყო. გარი ნევილი ძალიან მიყვარს, ის სტაბილური ფეხბურთელი იყო, თუმცა ალვეში უფრო მაღალ დონეზე იდგა.

ცენტრალური მცველი - ჯორჯო კიელინი

ის იუვენტუსის სული და გულია. ხალხი ბონუჩის უფრო ხშირად ამჩნევს, რადგან მას ზუსტი შორეული გადაცემების გაკეთება ეხერხება, თუმცა კიელინი არის ადამიანი, რომელიც გუნდისთვის ძალიან ბევრს შრომობს. მას კარგი ტექნიკა არასოდეს ჰქონია, თუმცა ის ვარჯიშის ბოლო წუთამდე მთელი ენერგიით იხარჯება.

მეორე ცენტრალური მცველი - რიო ფერდინანდი

ძალიან მიჭირს ვიდას (ნემანია ვიდიჩი) გუნდს მიღმა დატოვება. ზუსტად ვიცი, რომ "მანჩესტერის" ქომაგები გამიბრაზდებიან, თუმცა კიელინიმ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მსურდა, რომ ერთგვარი მიქსი გამეკეთებინა, არჩევანი კი რიოზე შევაჩერე. ის ძალიან მშვიდად თამაშობდა, ვიდიჩი კი ნამდვილი მებრძოლი იყო.

მარცხენა მცველი - პატრის ევრა

ეს ჩემი გუნდია! ჩემთვის განსაკუთრებული პერიოდია ახალგაზრდობა, როდესაც ლეზ-ულისში თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობდი. მისაბაძი მაგალითები არასოდეს მყოლია, ჩემს თავს ყოველთვის წინსვლის მოტივაციას ვაძლევდი და მსურდა, ჩემს პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო ვყოფილიყავი.

მარჯვენა ნახევარმცველი - ჯი-სუნ პარკი

ეს ადამიანი არასათანადოდ არის დაფასებული. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პარკი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია - კორეელი გუნდის შეუცვლელი წევრი, ნამდვილი ჯარისკაცი იყო. ამის მაგალითად 2008 წლის ნახევარფინალური მატჩების მოყვანაც შეიძლება, რომელიც "ბარსელონას" წინააღმდეგ ვითამაშეთ.

ცენტრალური ნახევარმცველი - პოლ სქოულზი

სქოულზი მოედნის ცენტრში ბურთს არასოდეს კარგავდა და თამაშის რიტმს აკონტროლებდა. ის ვარჯიშის დროსაც აგრესიულად თამაშობდა, მისთვის ბევრჯერ მიკითხავს: "პოლ, რატომ აკეთებ ვარჯიშზე ასეთ უხეშ ვარდნას?" ის მპასუხობდა: "რატომაც არა?"

მეორე ცენტრალური ნახევარმცველი - ანდრეა პირლო

პირლო უმაღლესი კლასის, საოცარი ფეხბურთელი იყო. ის არასოდეს ჩქარობდა და ყოველთვის წინასწარ იცოდა, თუ რა მოძრაობას გააკეთებდა მცველი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე: ვხედავდი, მისი სიმშვიდის წყალობით, რთული სიტუაციიდან თავის დაღწევას როგორ ახერხებდა.

მარცხენა ნახევარმცველი - რაიან გიგზი

როდესაც "მანჩესტერში" გადავედი, ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, თუ ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. მათი მოლოდინით, მე უეინ რუნის ან კრიშტიანუ რონალდუს დავასახელებდი, თუმცა გიგზი და სქოულზი უდავოდ საუკეთესოები იყვნენ.

თავდამსხმელი - კრიშტიანუ რონალდუ

მახსოვს, როდესაც კრიშტიანუმ პირველი ოქროს ბურთი მოიგო, მან მითხრა რომ ანალოგიურს კარიერაში მინიმუმ 4-ჯერ გაიმეორებდა - მან ეს შეძლო. არ მიკვირს, რომ მან ასეთ სიმაღლეს მიაღწია - კრიშტიანუ ყველაზე დიდი პროფესიონალია, ვისაც კი შევხვედრივარ. როდესაც ვარჯიშს 10-ზე გვინიშნავდნენ, ის 8-ზე მიდიოდა და მოედანს ბოლო ტოვებდა - თავის ფინტებს ხვეწდა. მესის ღვთიური ნიჭი აქვს - ის მოედანზე გადის და ფეხბურთელებს ბავშვებივით აბრუებს, კრიშტიანუ კი საოცრად ბევრს შრომობს. კრიშტიანუს სურს, ყველაფერში საუკეთესო იყოს. ერთხელ მან ფერდინანდთან პინგ-პონგი ითამაშა და წააგო. ყველამ დავცინეთ. 2 კვირის შემდეგ, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა იყიდა, ივარჯიშა და ფერდინანდს მოუგო. ეს მის ხასიათზე მეტყველებს.

თავდამსხმელი - კარლოს ტევესი

საკმაოდ რთული არჩევანია - ტევესი თუ უეინ რუნი. მიუხედავად იმისა, რომ რუნისთან უფრო ვმეგობრობ, ტევესთან ორ გუნდში ვითამაშე და მინდა ვთქვა რომ საოცარი ფეხბურთელია. ის ნამდვილი მებრძოლია. როდესაც რუნი და ტევესი შეტევაში ერთად თამაშობდნენ, მეტოქის მცველები ნამდვილად რთულ მდგომარეობაში იყვნენ, ჩვენს გუნდში ორი პიტბული თამაშობდა.

მწვრთნელი - სერ ალექს ფერგიუსონი

რთული არჩევანია, თუმცა მაინც სერ ალექს ფერგიუსონს დავასახელებ. მარცხენა მცველის პოზიციაზე პირველად ნიცას მწვრთნელმა, სანდრო სალვიონიმ მათამაშა. მასიმილიანო ალეგრი შესანიშნავი ტაქტიკოსი იყო, ასევე უნდა გამოვყო საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, დიდიე დეშამი. თუმცა სერ ალექს ფერგიუსონი მაინც საუკეთესო იყო. მისი დახმარებით, ჩვენ "მანჩესტერის" ნაწილი გავხდით. ერთხელ ჩიჩარიტოს უთხრა, რომ 3 მატჩის განმავლობაში ვერ ითამაშებდა. "თუმცა მზად იყავი, რომ ამის შემდეგ ითამაშებ და გოლსაც გაიტან," უთხრა მას. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა.
 

იხილეთ პატრის ევრას საუკეთესო გუნდი

 
   

სხვა სტატიები