Belive

პელე | წერილი ჩემი ახალგაზრდობის წლებს

1 წლის წინ ფეხბურთი
14 წთ

ძვირფასო ედსონ (დიკო, როგორც შენი ოჯახის წევრები გიწოდებენ),

ყურადღებით მომისმინე.

როდესაც შენი ოჯახი საცხოვრებელ ადგილს შეიცვლის და ტრეს-კორასოინსს დატოვებს, დედის წინდების წაღება არ დაგავიწყდეს. სულ რაღაც 5 წლის ხარ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გააკეთო - სხვა შემთხვევაში, შენი სიცოცხლე შეიცვლება.

ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ერთ პატარა ქალაქში, ბაურუში გადახვალ. მიზეზი მამაშენია - იგი "ბაურუ ატლეტიკოს" ფეხბურთელია. არაფრით გამორჩეულ სახლში ცხოვრობ, პატარა საწოლში ძმასთან ერთად გძინავს. ჰო, კომფორტული არაა, მაგრამ ეს ამბავი ძალიან დაგაახლოვებთ.

სახლის წინ ბალახი არ ამოდის. მხოლოდ მტვერი და ქვიშა. სწორედ ესაა შენი პირველი საფეხბურთო მოედანი. წინ უფრო დიდი მასშტაბი გელოდება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგიყვები. ამ მომენტში, შენი სახლის წინ, შენი სტადიონია. შენს მეგობრებთან ერთად, ხის ტოტებსა და ბამბუკის ჯოხებს წვეტიანი დანით თლი და ძელებს ამზადებ.

ნამდვილი ბურთის შესაძენად ფული არ გყოფნის. აი ამიტომ არ უნდა დაგრჩეს ტრეს-კორასოინსში წინდები: ოჯახს ფული არ აქვს, შენი პირველი ბურთი კი წინდებში ჩატენილი გაზეთებისგან მზადდება.

ყოველთვის მრგვალი არ გამოდის, მაგრამ არაუშავს. მეგობრებთან ერთად, ფეხბურთს საათობით თამაშობ, შენ "უბუცებოს" გეძახიან, რადგან ვერც საფეხბურთო ფეხსაცმელს ყიდულობ. შემდეგი ეტაპი გუბეებთან თამაშია - მათ მცველებად წარმოიდგენ და ცდილობ, გვერდი აუარო.


დედაშენი ძალიან ძლიერი ქალია. სახლში ყველაფერს ის განკარგავს, რადგან მამა უმეტესად გუნდთან ერთად იმყოფება. სწორედ დედა ცდილობს თანხის მცირე ნაწილებად შეგროვებას, რათა შენ, შენს ძმასა და დას წიგნები და ფეხსაცმელი გიყიდოთ. იგი ბევრ რამეს გასწავლის, თუმცა ერთ-ერთი გაკვეთილი სამუდამოდ დაიდებს შენს გონებაში ბინას.

ერთ დღეს, შენივე სახლის ეზოში ამოსული ხიდან მანგოს მოწყვეტ და სახლში მიიტან.

დედა გკითხავს: "დიკო, საიდან მოიტანე?"

შენ უპასუხებ: "ჩვენი მეზობლის, დონა მარიას ეზოდან".

"კი მაგრამ, ნებართვა გქონდა?"

"კი, რა თქმა უნდა".

ეს ტყუილია.

ის გიპასუხებს: "კარგი დიკო, მოდი წავიდეთ და დონა მარიას ვკითხოთ, რამდენად მართალია შენი მონაყოლი".

ხანდახან, ცუდი ბიჭი ხარ. როცა გაიზრდები და ამას გაიხსენებ, შეგრცხვება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელსაც დედა გასწავლის. საქმე არა მანგოს, არამედ სხვა ადამიანების პატივისცემას ეხება.

ezgif.com-gif-maker

მამაზეც ვისაუბროთ. ხანდახან, როდესაც ფეხბურთს ქუჩაში ითამაშებ, შენს საყურებლად მოვა. გაიტან ერთ, ორ, სამ, ხანდახან ოთხ გოლსაც კი, თუმცა ამით კმაყოფილი მაინც არ ჩანს. გეტყვის, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ უკეთესი გახდე.

მისი არ გესმის.

"იმისი თქმა მინდა, რომ მოედანზე ბევრი უნარი გჭირდება, ფეხბურთი მხოლოდ გოლების გატანა არ არის".

ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა და კარგად დაიმახსოვრე. გავა წლები და "სანტოსში" თამაშისას, მოვა და იგივეს გეტყვის.

(კი, შენ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდები. დამშვიდდი, ყველაფერს მოგიყვები).

მატჩის შემდეგ რამდენიმე არაზუსტ გადაცემაზე მიგითითებს. გიკვირს: "კი, მაგრამ, მამა, ჩვენ ხომ 4:1 მოვიგეთ?"

გპასუხობს: "მოთმინება გმართებს, შენ შეგიძლია უკეთესი გახდე".


შენი მამა კონკურენტუნარიანი კაცია. ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხუთივე თავური დარტყმით და ბრაზილიაში რეკორდი დაამყარა. როდესაც "მარაკანაზე" შენს მე-1000 გოლს 11-მეტრიანი დარტყმით გაიტან, წამით მთელი მსოფლიო გაჩერდება. სტადიონზე არსებული ატმოსფერო საყოველთაო მხიარულებად გადაიქცევა, სადაც აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ გუნდს გულშემატკივრობს ესა თუ ის ადამიანი. გადმოგეცემა პრიზი, გადაგიღებენ უამრავ ფოტოს, ეს მომენტი ისტორიის წიგნში შევა. ამ დროს კი მამაი ყურში ჩაგჩურჩულებს: "მე ერთ მატჩში ხუთი გოლი თავით გავიტანე, ასე რამ გაგიკეთებია?"

ორივეს გაგეცინებათ. შენი მამა განსაკუთრებული ადამიანია და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ცხოვრების გზად ფეხბურთის თამაში აირჩიე. კარიერა ტრავმის გამო დაასრულა, თუმცა დღემდე, მას მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევ. გინდა, მას ჰგავდე.

ერთ მატჩში ხუთი თავურის გატანა ვერ შეძელი, მაგრამ მეტოქის კარი 1283-ჯერ აიღე. მთელი მსოფლიო ერთი სიტყვით გიცნობს: პელე.


ვინ არის პელე? შენ ხომ ედსონი დაგარქვეს, თანაც ამერიკელი გამომგონებლის, თომას ედისონის საპატივცემოდ.

ვიცი, შენი სახელით ამაყობ: ედსონ არანტეს დო ნასიმენტო. თუმცა შეეგუე იმ ფაქტს, რომ სახელთან განშორება მოგიწევს.

ბაურუში ერთი მეკარეა, ბილე ჰქვია. სკოლაში შენს მეგობრებს უთხარი: "ნახეთ პელემ რა ბურთი მოიგერია?"

მეგობრებმა გაიცინეს: "რა ბილე, მას პელე ჰქვია."

მას შემდეგ დაგცინიან და პელეს გიწოდებენ. ეს იმდენად გაბრაზებს, რომ ამ მიზეზით, ერთ დღეს ჩხუბიც მოგივა და სკოლაში ორი დღით მისვლას აგიკრძალავენ.

იმ დღიდან, სამუდამოდ პელე იქნები. თუმცა არასოდეს დაგავიწყდეს ბიჭი, რომელსაც ედსონი ჰქვია. გახსოვდეს, რომ ის ბიჭი შენს გულსა და გონებაში ცხოვრობს.

როდესაც 13 წლის გახდები, ფეხბურთით უფრო სერიოზულად დაკავდები. ეს რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისია. ბაურუს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობ - მამაშენის გუნდში. პირველ სამსახურსაც აქ იშოვი: ძირითადი გუნდის ფეხბურთელების სათამაშო ფეხსაცმელებს გაწმენდა გევალება. ამაში ცოტაოდენ ფულსაც იღებ, რაც ბურთის შესაძენად საკმარისია. წინდების დრო დასრულებულია!


ახალგაზრდულ ასაკში თავს გამოიჩენ და სწორედ ამ დროს გაჩნდება შენს ცხოვრებაში ადამიანი, სახელად ვალდემარ დე ბრიტო, რომელიც კარიერის საწყის ეტაპზე, "სანტოსში" გადასვლაში დაგეხმარა. შეამჩნია რა შენი ტალანტი, მოვიდა და გითხრა:

"პელე, მჯერა რომ შენ დიდი პროფესიონალი გახდები, თუმცა არ იფიქრო, რომ საუკეთესო ხარ. არ იფიქრო, რომ ღმერთი ხარ. თუკი ფულს იშოვი, ნაწილი მომავლისთვის გადადე. სიგარეტსა და ტკბილეულს თავი დაანებე, შენ ისევ იმ ბიჭად უნდა დარჩე, რომელიც ბაურუში გაიზარდა".

ყოველთვის გახსოვდეს მისი სიტყვები. დიდ ფეხბურთში 15 წლის ასაკში შეაბიჯებ. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ხარ, თუმცა შედიხარ "სანტოსის" გასახდელში და იქ შენი მაისური გხვდება - ნომერი 10.

შენთვის ფიქრობ, ღმერთო, აქ რას ვაკეთებ? (ეს მომენტი არასოდეს გავიწყდება).

კლუბის დირექტორი გეტყვის: "მოდი პელე, ჩაიცვი, ფოტო უნდა გადაგიღოთ".

ხედავ ფოტოაპარატის განათებებს. იმდენად გამხდარი ხარ, რომ სასაცილოდ გამოიყურები. დირექტორი ამბობს: "ეს ფოტო გაზეთებს მოივლის".

მამას ეტყვი: "სანტოსის 10-ნომრიანი მაისურით ფოტო გადავიღე. მგონი მათ მოვეწონე!"

ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ხარ ბაურუდან.

"სანტოსში" თითქმის 20 წლის განმავლობაში ითამაშებ. შემოთავაზება გექნება მილანიდან, მადრიდიდან და მთელი მსოფლიოდან. შესაძლოა, დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები: არ დათანხმდე მათ შემოთავაზებას.

რატომ უნდა დატოვო "სანტოსი"? შენს თანაგუნდელებთან ერთად, მას არათუ ბრაზილიის ან სამხრეთ ამერიკის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად აქცევ. 1962-ში "სანტოსი" კონტინენტურ ტრიპლეტს მოიგებს. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელოდება. მოივლი ძალიან ბევრ ადგილს, ჩაატარებ ამხანაგურ მატჩებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირადად შენს გამო, კონგოში სამოქალაქო ომი შეწყდება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ხალხს შენი ყურება სურს.

"სანტოსთან" ერთად საოცარი გზა გელოდება. თანაც, ოჯახთან ახლოს იქნები. კიდევ ერთხელ გეკითხები, რატომ უნდა დატოვო გუნდი?

მალე დებიუტი ნაკრებშიც გექნება. ეს უდიდესი პატივია. 17 წლის ასაკში, თვითმფრინავში პირველად ჩაჯდები და შვედეთში, 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაფრინდები. იქ ბევრი რამ სხვანაირი დაგხვდება, მათ შორის ელემენტზე მომუშავე რადიო - ასეთ ბრაზილიაში ჯერ არ იყიდება.

თანაგუნდელებთან ერთად მაღაზიაში შეხვალ. გარინჩა დაინტერესდება, რატომ უსმენ რადიომიმღებს, საიდანაც შვედური საუბარი ისმის.

შენ ამბობ: "საოცარია, მინდა ვიყიდო.

გპასუხობს: "რატომ უნდა იყიდო, აზრს ხომ მაინც ვერ გაიგებ"?

იმასაც ვერ მიხვდა, რომ ბრაზილიაში დაბრუნებისას, რადიოდან პორტუგალიურ სიტყვებს გავიგებდით.

სასაცილოა, თუმცა იქაურ ამბებს მეორე მხარეც ჰქონდა. ფიქრობ, რომ ბრაზილიის შესახებ მთელ მსოფლიოში იციან, მაგრამ რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ბევრი ადამიანი შენს ქვეყანს რუკაზეც კი ვერ პოულობს. "ბრაზილია არგენტინაშია, ხომ?" გეღიმება, მაგრამ შინაგანად, სევდიანდები, რადგან მათ შენი სამშობლოს შესახებ არაფერი იციან.

არ იდარდო, 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, ყველაფერი ეცოდინებათ.

ეს კი იმის გამო, რომ თასს ჰაერში შენ აწევ.

კი, სიმართლეა.

შენთვის, ეს იქნება გამარჯვებით დასრულებული პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. წინ კიდევ 2 გელოდება.

ფინალის შემდეგ, გაითიშები. შენი სხეული ამდენ ემოციას ვერ იტევს. როდესაც თანაგუნდელები გამოგაღვიძებენ, ტირილს იწყებ. ედსონ, შენ ემოციური ადამიანი ხარ და მომავალშიც, ბევრი ცრემლი გელოდება.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არამარტო შენი, არამედ მთელი ქვეყნის ოცნებაა. თანაც, ეს 17 წლის ასაკში შეძელი. ძალიან პატარა ხარ, სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი. მადლობა ღმერთს ამ გამარჯვებისთვის, რადგან ყოველთვის ახალგაზრდა არ იქნები.


1970 წელს, კიდევ ერთი ტირილი გელოდება - ეს შენი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია. თვალებიდან სხვა ცრემლი მოგდის. ღმერთს თხოვ დახმარებას, რადგან ბოლო შანსის გამოყენება გინდა.

რა მოხდება? ამას არ გეტყვი. არსებობს რაღაც, რაც არ აიხსნება, მომავლიდანაც კი.


სანამ დაგტოვებ, რამდენიმე სიტყვას მშვენიერების შესახებაც გეტყვი. კარიერაში ბევრი ასეთი რამ გელოდება. წარმოიდგინე, გოლის გატანის შემდეგ გახარებულ ხალხში შევარდნის მომენტი, ისინი ტირიან, რაც იმას ნიშნავს, თუ რა ღირებულებას ატარებ მათთვის.

თუმცა არის ერთი მომენტი, რომელიც ყველა დანარჩენზე მაღლა დგას.

1968-ში, კოლუმბიის ნაკრებს წინააღმდეგ ითამაშებ. თამაშისას, შენი თანაგუნდელი, კოუტინიო და კოლუმბიელი ფეხბურთელი ჩხუბს დაიწყებენ. ფეხბურთელები გასაშველებლად მოცვივდებიან. სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ, მსაჯი წითელ ბარათს გიჩვენებს.

უხსნი, რომ არაფერ შუაში ხარ და დახმარებას ცდილობდი, თუმცა მოედნის დატოვებას იგი ჯიუტად გთხოვს. როგორც ჩანს, კოუტინიოში აერიე.

მოედანს გამწარებული ტოვებ და გასახდელში შედიხარ. ბუცებს იხდი და ამ დროს გესმის ხმა: ხალხი რაღაცას სკანდირებს.

გასახდელში მწვრთნელი შემოირბენს და გეუბნება: "პელე, წამოდი, უნდა დაბრუნდე!"

ამბობ: "რა? როგორ უნდა დავბრუნდე, მე ხომ წითელი ბარათი მივიღე"?

"ხალხმა ხმაური დაიწყო, შენი გაგდება გააპროტესტეს".

ასეთი რამ შენს ცხოვრებაში პირველად და საბოლოოდ მოხდა. კოლუმბიელი გულშემატკივარი მსაჯის შეცდომას მიხვდა და შენი დაბრუნება მოითხოვა.

წარმოიდგინე, მსაჯი, რომელმაც შეცდომა დაუშვა, გამოცვალეს. მოედნიდან გაძევებული ფეხბურთელი კი დააბრუნეს. გესმის, გულშემატკივარს ამ მშვენიერ თამაშში რა ძალა აქვს? მათ ისიც კი არ ადარდებთ, რომ შენ მოწინააღმდეგე ხარ.

მოედანზე შედიხარ და სტადიონი იფეთქებს. ეს ნათლად აჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა გაქვს ხალხისთვის.


ხედავ? ღმერთმა საოცარი ცხოვრებით დაგაჯილდოვა.

ილოცე და შესთხოვე, რომ შენი ოჯახი დაიცვას.

თუმცა არის კიდევ ერთი რამ, რაც მინდა რომ ღმერთს ყოველდღე შესთხოვო. ეს უფრო რთულად ასახსნელი საკითხია. ბრაზილიაში, ლამაზი ხალხი ცხოვრობს. საოცარი საკვები, მუსიკა და კულტურა გვაქვს, მაგრამ ირგვლივ პრობლემები გვახვევია. კრიმინალი და სიღარიბე. კი, ამ წამსაც კი, როდესაც ამ წერილს გწერ, ჩვენი ქვეყანა იტანჯება.

ღმერთს შესთხოვე, რომ ბრაზილიაში ყველაფერი უკეთესად იყოს. დღემდე, ბავშვები ფეხბურთს ფეხშიშველები თამაშობენ. ბურთის საყიდლად ფულს ვერ აგროვებენ. იპარავენ მანგოებს. ეს კი ძალიან სევდიანია. ფეხბურთი ყველას იმას ვერ მისცემს, რაც შენს ცხოვრებაში მოიტანა.

ყველაზე მაგიური მომენტი იცი რომელია? როდესაც შენ დაიბადე. ეს იმიტომ, რომ გყავს შესანიშნავი ოჯახი, რომელიც გასწავლიდა და კარგად გექცეოდა. მსოფლიოს კარი შენთვის ყოველთვის ღია იყო, ხალხმა შენ სიყვარული გაჩუქა და უნდა გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ეს უკან დააბრუნო.

ყოველთვის დარჩი ბრაზილიელ ბიჭუნად. დარჩი ედსონად. გახსოვდეს სამი რამ: პატიოსნება, მოთმინება და პატივისცემა.

აგორე ბურთი მარად,

ედსონ არანტეს დო ნასიმენტო.

სხვა სტატიები