Belive

პეპ გვარდიოლა საუკუნის მწვრთნელად დასახელდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე საუკუნის მწვრთნელად დასახელდა. ამ ნომინაციაში, ესპანელის მთავარი კონკურენტები ჟოზე მოურინიო, იორგენ კლოპი და სერ ალექს ფერგიუსონი იყვნენ. გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც ის "ბარსელონას" მეორე გუნდს წვრთნიდა. ერთი წლის შემდეგ, ესპანელმა "ბლაუგრანა" ჩაიბარა, რასაც "ბარსელონას" აღმასვლა და ოქროს ხანა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მისგან ასეთ მწვერვალებს გუნდის გულშემატკივარი ნაკლებად ელოდა. მეტსაც გეტყვით, 2008 წელს, ლა ლიგის სასტარტო ორ მატჩში, "ბარსელონამ" 1 ქულა დააგროვა და ქომაგები მის დაუყოვნებლივ გაშვებას ითხოვდნენ, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა: "ტიკი-ტაკას" ტაქტიკაზე აწყობილმა საოცარმა, უძლიერესმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, ლა ლიგა 3-ჯერ, კოპა დელ რეი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი კი 3-ჯერ მოიგო.
2996851

სამწვრთნელო პიკში მყოფმა გვარდიოლამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, გუნდი დატოვა და მიუნხენის "ბაიერნი" ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდი შესანიშნავად ათამაშდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად ითვლებოდა, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების განმეორება ვეღარ შეძლო. ესპანელმა "სიტიში" გადასვლამდე ბუნდესლიგა 3-ჯერ, გერმანიის თასი კი 2-ჯერ მოიგო.

გვარდიოლამ საკუთარი ხელწერა "სიტის" თამაშსაც დაატყო და გუნდმა პრემიერ ლიგაში პირველობა რეკორდული შედეგით, 100 ქულით მოიპოვა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ინგლისში პირველობა კვლავ არავის დაუთმო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მაინც ვერ მიაღწია. მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შეფასებით, გვარდიოლა დღეს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნეილა: "დღეს ფეხბურთში არაერთ დიდი მწვრთნელს ვხედავთ, მაგრამ ჩემი აზრით, ესპანელი საუკეთესოა, მან ეს 3 გუნდში დაამტკიცა", - აღნიშნა მან.

  ასევე გეტყვით, რომ Globe Soccer Awards-ზე, საუკუნის კლუბად "მადრიდის რეალი," ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად კი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.

სხვა სტატიები