Belive

პერესი: "სუპერ ლიგა ფეხბურთის გადასარჩენად შევქმენით"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფლორენტინო პერესი მსოფლიო ფეხბურთის გადასარჩენად ემზადება - იდეას, რომელსაც გულშემატკივრები, ანალიტიკოსები, ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები/მწვრთნელები ეწინააღმდეგებიან, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი პროგრესულად მიიჩნევს.
"ფეხბურთის მშვენება დიდ გუნდებს შორის კონკურენციაა, სწორედ ეს ქმნის ღირებულებასა და ფასს, ეს ზრდის სატელევიზიო უფლებების ფასს და შედეგად, მეტ შემოსავალს ვიღებთ. მე არ ვარ ვიღაც მდიდარი კაცი, რომელსაც სუპერ ლიგის შექმნა უნდა, აქ იმისთვის ვარ, რომ კრიტიკულ მომენტში ფეხბურთი გადავარჩინო. დღევანდელი რეალობა ასეთია - დიდი გუნდები ფულს კარგავენ, ყველა ზარალში მიდის. შედეგად, მთელი საფეხბურთო სისტემა ჩამოიშლება, ეს არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა პერესმა El Chiringuito-სთან საუბრისას.
პერესის თქმით, სუპერ ლიგა დახურული, ელიტური კლუბების გაერთიანება არ იქნება, რადგან დამფუძნებელ კლუბებთან ერთად, ტურნირის მოგებას 5 არამუდმივი წევრი შეეცდება.

"სუპერ ლიგის ფორმატი ასეთია - ყოველწლიურად, ტურნირში მონაწილეობა 5 ევროპულ კლუბს შეეძლება და ამისათვის, მათ კონკურენცია მოუწევთ. ამასთან დაკავშირებით, უეფა-სთან აუცილებლად ვისაუბრებთ. თავის მხრივ, უეფა ჩემპიონთა ლიგის განახლებულ ვერსიაზე მუშაობს, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, მისი არსი არ მესმის. ჩვენ ფეხბურთის გადარჩენა გვსურს. უეფა წარმოადგენს მონოპოლიურ სისტემას, რომელიც მეტად გამჭვირვალედ უნდა მუშაობდეს. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი 120-130 მილიონ ევროს იღებს, თუმცა სუპერ ლიგას გაცილებით დიდი საპრიზო ფონდი ექნება", - განაცხადა პერესმა.
სუპერ ლიგის დამფუძნებლების არგუმენტი ასეთია: კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მათ უდიდესი ფინანსური ზარალი მიიღეს, რაც საფეხბურთო სისტემის ჩამოშლის წინაპირობაა. "სუპერ ლიგის დამფუძნებელმა 12-მა გუნდმა €5 მილიარდი დაკარგა, რეალის ზარალი კი €400 მილიონს შეადგენს. სტადიონზე გულშემატკივარი ვეღარ დადის და ჩვენი შემოსავალს მხოლოდ სატელევიზიო უფლებების გაყიდვით ვიღებთ. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: უნდა შევქმნათ სანახაობრივი ტურნირი, სადაც მხოლოდ გრანდები ითამაშებენ", - განაცხადა ესპანელმა.

ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც ევროპის სუპერ ლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ

სხვა სტატიები