Belive

ფაბიო კანავაროს ემოციური წერილი იტალიას

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
ყველას, ვინც ახლა სახლშია, ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩემს გულს მღელვარებითა და შიშით ავსებს. ვერც აღგიწერთ, როგორი საშინელია, უყურო იტალიის ტანჯვას და ყოველდღე ამდენი გარდაცვლილის შესახებ გაიგო. ჩემი გული მათთანაა, ვისაც კორონავირუსმა ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით მათთან, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი სიცოცხლე გადაარჩინონ. თქვენ ის გმირები ხართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ახლა ძალიან სჭირდება. სამწუხარო ფაქტია, რომ სუპერმენი არავინ არ ვართ. ეს ვირუსი შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. მაშინაც კი, როდესაც ეპიდემიამ ჩინეთში იფეთქა, სხვა იტალიელების მსგავსად, მეც ვფიქრობდი, რომ ჩვენ კარგად ვიქნებოდით. როგორც ყველა ვფიქრობდით: სულ მცირე, ვირუსი მე მაინც არ შემეხება. საფრთხეს სათანადოდ ვერ ვაფასებდი. ვფიქრობდი, რომ ეს ჩვეულებრივ გრიპს წააგავდა. როგორ ვცდებოდი.
მე ჩინეთში ვარ, სადაც "გუანგჟოუ ევერგრანდს" ვწვრთნი. რამდენიმე კვირის წინ, კარანტინში გადამიყვანეს. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომთან შეხება უკვე ჰქონდათ, ასე რომ, კარგად იცოდნენ, როგორ უნდა ემოქმედათ. იტალიაში, ასეთი დონის სასწრაფო დახმარება ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა, ახლა ბრძოლის შუაგულში ვიმყოფებით და უნდა გავიაზროთ, რომ ბოლომდე ერთად ბრძოლა გვმართებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა ადამიანმა, თავისი მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს.
5bdabe36-gettyimages-102081615-scaled
ყველამ ვიცით რომ იტალია საოცარი ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს მომაჯადოვებელი ზღვის სანაპიროები და გამორჩეული ადგილები. ჩვენ გვაქვს ისეთი კლიმატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დროის დიდი ნაწილი გარეთ გავატაროთ. გვაქვს მოდა და გამორჩეული სამზარეულო. თუმცა ცხოვრება იტალიაში იმდენად კარგია, რომ ხანდახან საკუთარი სურვილების შესრულებაზე მეტს ვფიქრობთ, ვიდრე საზოგადოების კეთილდღეობაზე. და ყოველთვის, როდესაც ასე ვიქცევით - ჩვენს პოტენციალს ვანიავებთ. მეორე მხრივ, დგება დღეები, როდესაც ჩვენი შინაგანი ძალა უნდა ვაჩვენოთ. ასეთი რამ კი მაშინ ხდება, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდად მიდის, როდესაც სასწორზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დევს.
როგორც იცით, იტალიაში, ფეხბურთი სპორტზე გაცილებით მეტს ნიშნავს. როდესაც ეროვნული გუნდი თამაშობს, მთელი იტალია მისი ნაწილი ხდება, ქვეყანა ერთიანდება. და როდესაც იტალიელები ერთიანდებიან, ყველაფერი კარგად მიდის. მახსენდება 1982 წელი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვეთ. მაშინ 8 წლის ვიყავი, ნეაპოლში ვცხოვრობდი და მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად ვუყურებდი. მახსენდება, გოლის გატანას ერთად როგორ ვზეიმობდით, როგორ ვყვიროდით, ერთმანეთს როგორ ვეხუტებოდით.   2006 წელს, როდესაც იტალიის ნაკრებში კაპიტნის რანგით ვთამაშობდი, რაღაც მსგავსი ფეხბურთელებს შორისაც მოხდა. ზუსტად იმ პერიოდში, იტალიაში კალჩოპოლის სკანდალი მძვინვარებდა და ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენზე ცუდად აისახებოდა. ეს კრიტიკული მომენტი იყო. ჩვენ არა ჩვენს თავზე, არამედ გუნდზე უნდა გვეფიქრა. გუნდს კი შესანიშნავი ლიდერი, მარჩელო ლიპი ჰყავდა, რომელმაც შეძლო ის, რომ გუნდში ჰარმონია და მოტივაცია შენარჩუნებულიყო. გერმანიაში ჩასვლის დღიდან, სკანდალი დავივიწყეთ და თამაშის დაწყებას მოუთმენლად ველოდებოდით. ხშირად მეკითხებიან, როგორ მოიგო იტალიამ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი?
იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი შემთხვევით, იღბალის დამსახურებით არ მოიგო. ჩვენ მოვიგეთ იმიტომ, რომ საუკეთესო გუნდი გვყავდა და იმიტომ, რომ გამარჯვების გვჯეროდა. ახლა, ჩვენ შემართება გვჭირდება. საჭიროა მთელი ქვეყნის გაერთიანება. andrà tutto bene (ყველაფერი კარგად იქნება) - ეს არის გზავნილი მათთვის, ვინც სახლშია, შეშინებულია, მარტოა, მარტოსულია, ან დეპრესიაშია ჩავარდნილი. ამ კრიტიკულ დღეებში, ხალხი აივნებზე გამოვიდა იმისთვის, რომ აპლოდისმენტებით, ექიმებისადმი დიდი მადლიერება გამოეხატა, მეზობლები ერთად მღერიან - ჩვენ სწორედ ეს ერთიანობა გვჭირდება.

როდესაც კრიზისი დასრულდება, იტალია შეიცვლება. ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, ზოგიერთს ბიზნესი ჩაუვარდა. წინ დაუჯერებლად ბევრი შრომა გველოდება. თუმცა ახლა, მხოლოდ იმისი იმედი უნდა გვქონდეს, რომ ვაქცინა რაც შეიძლება მალე გახდება ხელმისაწვდომი, რათა ამ კოშმარს წერტილი რაც შეიძლება მალე დაესვას. თუმცა მანამდე, მოდით, დავრჩეთ სახლში და გავატაროთ დრო ჩვენს ოჯახებთან ერთად. მოდით ვცადოთ და რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანთან დავამყაროთ კონტაქტი. მოდით, გავაკეთოთ ყველაფერი არა პირადი სარგებელის, არამედ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე. პირადად მე, 2006 წლის ჩემპიონებთან ერთად, შევქმენი ფონდი, სადაც შემოსული ფული იტალიის წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადაერიცხება. იმედი მაქვს, რომ დონაციაში მონაწილეობას თქვენც მიიღებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა გუნდურ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. არცერთი ჩვენგანი არ არის სუპერმენი. თუმცა ერთად თუ დავდგებით, ყველაფერს მივაღწევთ. კეთილი სურვილებით, ჩემო ძმებო და დებო, ფაბიო კანავარო.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები