Belive

ფეხბურთელები, რომლებსაც ზიდანის მოსვლა აწყობთ/არ აწყობთ

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მადრიდის "რეალს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - "სამეფო კლუბს" კვლავ ზინედინ ზიდანი ჩაუდგა სათავეში. ფრანგი მწვრთნელის მადრიდის "რეალში" დაბრუნება ძალიან კარგია ზოგიერთი ფეხბურთელისთვის, მაგალითად სერხიო რამოსისა და ისკოსთვის, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ზიდანის წინამორბედმა, სანტიაგო სოლარიმ, კლუბში გარკვეული ექსპერიმენტები ჩაატარა: მან ახალგაზრდა და გამოუცდელ ფეხბურთელებს თამაშისა და უმნიშვნელოვანეს მატჩში თავის გამოჩენის საშუალება მისცა, რამაც გუნდს ძალიან ცუდი შედეგები მოუტანა. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი მარსელო, 22 წლის რეგილონმა შეცვალა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი "წაართვა". ისკოსთვის, მარსელოსთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის ზიდანის დაბრუნება კარგად იმოქმედებს, რადგან ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში ისკო და მარსელო კლუბისთვის შეუცვლელი ფეხბურთელები იყვნენ. რაც შეეხება სანტიაგო სოლარის, მის დროს ისკო ძალიან იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში და ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ ესპანელი შემტევი კლუბს დატოვებდა, თუმცა ზიდანის მოსვლა ყველაფერს შეცვლის.

ვისთვის არის კარგი ზიდანის მოსვლა

მადრიდის "რეალმა" ფრანგი მწვრთნელი დაარწმუნა, რომ კლუბში დაბრუნებულიყო - შესაბამისად კლუბში ჟოზე მოურინიოს ადგილი აღარ არის. ეს განსაკუთრებით გაუხარდება სერხიო რამოსს, რადგან მას გასახდელში ხშირად ჰქონია პორტუგალიელ მწვრთნელთან უთანხმოება. მარსელოსთვისაც განსაკუთრებით სასიხარულო იქნება ზიდანის დაბრუნება, რადგან ზიდანისთვის მარსელო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და იგი აუცილებლად დაუბრუნდება ძირითად შემადგენლობას. როგორც კარიმ ბენზემამ აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ ფრანგი მწვრთნელი მას ენდობა და ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, ხოლო მარკო ასენსიოს განცხადებით, იგი მზად არის, რომ მადრიდის "რეალის" მაისურით ბევრი გოლი გაიტანოს და ტიტულებისთვის ბრძოლაში კლუბს დაეხმაროს. ზიდანის ვაჟი - ლუკა ზიდანი იმედოვნებს და იმედს იტოვებს, რომ იგი კლუბის განაცხადში ხშირად მოხვდება, რადგან სოლარის მწვრთნელობის პერიოდში იგი სულ 3-ჯერ მოხვდა კლუბის განაცხადში და სათამაშო დრო თითქმის არ ეძლეოდა.

 ვის არ აწყობს ზიდანის მოსვლა

ბეილი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც ზინედინ ზიდანთან ხშირად ჰქონდა უთანხმოება. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ გარეთ ბეილს ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში იმდენი სათამაშო დრო არ მიეცემა, რამდენიც სოლარის დროს ჰქონდა. სოლარის მწვრთნელობის პერიოდშიც ხშირად მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ უელსელი ვარსკვლავი კლუბს დატოვებდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში ამაზე საუბარი ერთიორად გაიზრდება. თუმცა უნდა დავუშვათ ის ფაქტიც, რომ ბეილი რეალში დარჩეს. უელსელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალს" 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგებაში ულამაზესი გოლით დაეხმარა და ამით ზიდანს აჩვენა, თუ რისი მოტანა შეუძლია მას გუნდისთვის. ხულენ ლოპეტეგისა და სანტიაგო სოლარის მწვრთნელობის პერიოდში, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ხან ტონი კროოსი, ხან ლუკა მოდრიჩი და ხანაც კაზემირო ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ და მათ მაგივრად დანი სებალიოსი და მარკო ლორენტე თამაშობდნენ. რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, მისი თავკაცობის პერიოდში გერმანულ-ხორვატიულ-ბრაზილიური ნახევარდაცვა კლუბის მთავარი მამოძრავებელი და შეუცვლელი ძალა იყო. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დანი სებალიოსი და მარკო ლორენტე სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებენ.        

სხვა სტატიები