Belive

ფეხბურთის ფედერაციამ გარიგებული მატჩების ფაქტზე განცხადება გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
როგორც იცით, ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ, "ვიტ ჯორჯიას", "ჭიათურასა" და "გურიას" ფეხბურთელები თამაშის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობის გამო დააკავეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად აქამდეც მოხდა გამოვლენილი მოთამაშეებისა თუ სხვა პირების ჩამოშორება საფეხბურთო საქმიანობიდან სხვადასხვა ვადით. ამ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყოველთვის აუცილებელია პროცედურების მკაცრი დაცვა და ზოგჯერ სპორტული სამართალი არ არის დანაშაულის პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტი. სავარაუდოდ, კვლავ ჰქონდა ადგილი მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულაციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება და შესაბამისი მასალა გაავრცელა. სამწუხაროდ, ყველა სრულად ვერ ითავისებს, რომ მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული გუნდის სახელსა და იმიჯზე, არამედ მთელ საფეხბურთო ოჯახზე. მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს თანამშრომლობას საგამოძიებო უწყებებთან. ამ პროცესის პარალელურად სფფ-ის იურიდიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით იმსჯელებენ, რათა არცერთი მსგავსი დანაშაული არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე."

სხვა სტატიები