Belive

ფერნანდო ტორესის გარდასახვა: მწვრთნელის ამპლუაში და ბოდიბილდერის აღნაგობით

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფერნანდო ტორესი საფეხბურთო სამყაროს ახალი იმიჯით დაუბრუნდა. ვეტერანი ესპანელი ფორვარდი უკვე მწვრთნელის ამპლუაში გვევლინება და მადრიდის "ატლეტიკოს" 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელია. უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ტორესის გაწვრთნილი გუნდი მისსავე ყოფილი კლუბის, "ლივერპულის" ახალგაზრდა შემადგენლობას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. 37 წლის ტორესი აღნიშნულ შეხვედრაში კამერებმა დააფიქსირეს და მისი შესანიშნავი გარდასახვაც შენიშნეს. "ელ ნინიო", რომელიც სამწვრთნელო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს, პროფესიონალი ბოდიბილდერის აღნაგობით გამოირჩევა, რასაც ბევრი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში სახალისო კომენტარებით გამოეხმაურა და ფერნანდო ტორესს ჭიდაობაში გადანაცვლებისკენაც მოუწოდეს. ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" დაიწყო, შემდეგ კი "ლივერპულში", ლონდონის "ჩელსისა" და "მილანშიც" ითამაშა, ხოლო მიწურულს მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. მსოფლიოს ჩემპიონატის, ორჯერ ევროპის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის, ორჯერ ევროპის ლიგის და სხვა პრესტიჟული ტიტულების მოგების შემდეგ, ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერა 2019 წლის აგვისტოში, იაპონურ "საგან ტოსუში" დაასრულა. მიმდინარე წლის ზაფხულიდან იგი "როხიბლანკოში" მწვრთნელის რანგში დაბრუნდა.  

სხვა სტატიები