Belive

ფილიპ ლამი ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გერმანიისა და "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი ფილიპ ლამი, ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს, ბოიკოტს უცხადებს. მასპინძელ ქვეყანაში დიდი მზადება მიმდინარეობდა მთავარი საფეხბურთო ტურნირის გამო. აშენდა სტადიონები და დაიგო მოედნებამდე მისასვლელი გზები, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დღესაც უამრავი სუბიექტის უფლებები ირღვევა. მუშებს შეუსაბამო პირობებში უწევთ ღამის გათევა და გარდა ამისა, ადგილზე არ არის დაცული ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები. ფიფამ თავიდანვე დიდი კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ ტურნირის ჩატარების უფლება მიენიჭა ქვეყანას, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია. ამ დროის მონაცემებით, ყატარი მსოფლიო რეიტინგში 113-ე ადგილს იკავებს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ზაფხულის პერიოდში გაუსაძლისი სიცხეა, მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდება. როგორც ზემოთ ვახსენე, გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ფილიპ ლამი აღნიშნულ ტურნირს ბოიკოტს უცხადებს. 38 წლის ლამი ამბობს, რომ ურჩევნია ჩემპიონატს სახლიდან უყუროს.
"მე არ ვარ დელეგაციის წევრი და არ ვარ ვალდებული, რომ ყატარში ჩავფრინდე. მირჩევნია ტურნირს სახლიდან ვუყურო. ტურნირის მასპინძლის სტატუსის მოპოვების დროს, ადამიანთა უფლებები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ყატარი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შემსრულებელია. ეს მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. ადამიანის უფლებები, მდგრადობა, ქვეყნის ზომა...  ეს ყველა კრიტერიუმი საკმარისია იმისთვის, რომ ყატარში მსოფლო ჩემპიონატი არ ჩატარდეს."
The Guardian-ის 2021 წლის გამოძიებამ დაადგინა, რომ 6500-ზე მეტი მიგრანტი მუშა დაიღუპა მას შემდეგ, რაც ყატარი მასპინძელ ქვეყანად გამოცხადდა. 37 სიკვდილი პირდაპირ კავშირში იყო ტურნირისთვის სტადიონების მშენებლობასთან. გარდა ამისა, ქვეყანაში აკრძალულულია LGBTQ+ თემი და ერთსქესიანი წყვილების ქვეყანაში შეშვებაც კი შეზღუდულია. ამის შესახებ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა განაცხადა, რომ საწყენია, "სამი ლომის" ზოგიერთი გულშემატკივარი, ამ სამარცხვინო შეზღუდვის გამო, რომ ვერ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას. ყატარულმა მხარემ კი, ბრიტანელ მწვრთნელს მოუწოდა, რომ „სიტყვები ფრთხილად შეერჩია“.  

სხვა სტატიები