Belive

ფილიპ ორშულა: "საქართველოში ჩამოსვლა ვაისმა მირჩია, დინამოს დიდებულმა ისტორიამაც მომხიბლა"

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ფილიპ ორშულა სლოვაკი თავდამსხმელია, რომელიც 2020 წლის ზამთარში, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელს, რომელსაც წარსულში "მანჩესტერ სიტიში" და "ტვენტეში" უთამაშია, საქართველოში ჩამოსვლა ვლადიმირ ვაისმა ურჩია. ორშულამ მიღებული გადაწყვეტილების და განვლილი კარიერული გზის შესახებ, live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. კორონავირუსის პანდემიის დროს, თავს როგორ გრძნობ? რა მდგომარეობაა სლოვაკეთში? მადლობას გიხდით მოკითხვისთვის. თავს კარგად ვგრძნობ და ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ამჟამად სლოვაკეთში ვარ, აქ სიტუაცია შედარებით უკეთესია, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები მაინც გვაქვს. სავარჯიშო პროცესი ახალ რეალობაში ალბათ განსხვავებულია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ორი კვირის კარანტინში გატარება მომიწია, რაც იოლი არ ყოფილა, რადგან გარეთ გასვლა არ შემეძლო. შემდეგ უკვე ეზოში სირბილიც დავიწყე, ასევე კლუბისგან სავარჯიშო პროგრამაც მივიღე და ვცდილობ ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო. ცხადია, ეს ყველაფერი ჩვეული რეჟიმისგან განსხვავებულია, რადგან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ ვცდილობ არსებულ რეალობას ფეხი ავუწყო. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე, ყველაფერი დალაგდება.
თავისუფალი დროც ალბათ მეტი გაქვს, როგორია შენი რუტინა? დიახ, ახლა ოჯახის წევრებს მეტ დროს ვუთმობ, მაგრამ არც იმდენი დრო მაქვს, რომ გართობაზე ვიფიქრო. ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ფორმაში დარჩენა მსურს. როგორც ვიცით, საქართველოში ჩამოსვლა ვლადიმირ ვაისმა გირჩია... მართალია, საქართველოში ჩამოსვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია. შემდეგ გავეცანი ინფორმაციას "დინამოს" შესახებ. ის საქართველოში საუკეთესო კლუბია და დიდებული ისტორია აქვს. დღეს ის საქართველოს ნაკრებს წვრთნის. როგორია მისდამი დამოკიდებულება შენს სამშობლოში? ვლადიმირს სლოვაკეთში ძალიან აფასებენ და პატივს სცემენ. ჩემთვის, იგი განსაკუთრებული ადამიანია, არამხოლოდ იმის გამო, რომ მსოფლოო დონის მწვრთნელია, არამედ იმიტომ, რომ დიდებული პიროვნებაა.
როდის და რატომ გადაწყვიტე, რომ ფეხბურთელი უნდა გამხდარიყავი? ბავშვობიდან ფეხბურთის თამაში მიყვარდა, პროფესიონალური კარიერა კი 12 წლის ასაკში, "სპარტაკ ტრნავაში" დავიწყე. მამაჩემიც ფეხბურთელი იყო და გადავწყვიტე, რომ მის გზას გავყოლოდი. "სპარტაკიდან" 2 წლის შემდეგ, უკვე "მან სიტიში" აღმოვჩნდი. ინგლისურ გრანდში გატარებული პეროდი კარიერაში ძალიან დაგეხმარებოდა. თანაც, იქ ვლადიმირ ვაის უმცროსთან ერთად თამაშობდი. ეს ყველაფერი როგორც კარიერაში, ისე მთლიანად ცხოვრებაში ძალიან დამეხმარა. პირველად გამოვცადე დიდი ფეხბურთის თამაში და საწყისი ნაბიჯები გადავდგი. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან 14 წლის ასაკში, ოჯახისგან შორს, მარტოს უნდა მეცხოვრა. სწორედ ამ დროს დამეხმარა ვლადიმირი, მან ბევრი რამ მასწავლა და ადაპტაციაში დამეხმარა. მთლიანობაში, ინგლისში გატარებული პერიოდი წარმატებული იყო. იქ შესანიშნავ ფეხბურთელებთან და სამწვრთბელო შტაბთან ერთად ვიმუშავე, რამაც პროფესიონალურად ძალიან გამზარდა. გარდა ამისა, ინგლისური ენაც კარგად ვისწავლე.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც "დინამოში" ხარ. რამდენად შეეჩვიე და მოგწონს კლუბის გარემო? სამწუხაროდ, პანდემიის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე მატჩის ჩატარება მოვასწარით, მაგრამ უკვე ძალიან მოვიხიბლე გუნდში არსებული გარემოთი. მომწონს ჩვენი ბაზა და ულამაზესი სტადიონი. თანაც, კლუბში ყველა მეგობრული და კეთილგანწყობილია. რას იტყვი საქართველოს ჩემპიონატის შესახებ? სამწუხაროდ, ბევრი არ გვითამაშია და შესაფასებლად მეტი ინფორმაცია მჭირდება, თუმცა ზოგადად, საქართველოს ეროვნული ლიგის კონკურენცია და დონე მომწონს. ქართული ენის სწავლა ხომ არ დაგიწყია? რთული ენა გაქვთ, რომლის შესწავლაც ალბათ ძალიან გამიჭირდება, თუმცა რამდენიმე სიტყვა უკვე დავიმახსოვრე: "მადლობა", "გამარჯობა".
ბევრ კლუბში გითამაშია, რომელს გამოარჩევდი? ყველა კლუბმა მომცა რაღაც, პირველ რიგში გამოცდილება, ამიტომ რომელიმე ერთის გამოყოფა გამიჭირდება. გაქვს გამორჩეული მატჩი ან/და გოლი კარიერაში? ვცდილობ, რომ ნებისმიერ შეხვედრაში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღო. ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები და ყველა გოლი მამახსოვრდება, ამიტომაც, კონკრეტულ თამაშებს ვერ ვიხსენებ. თუმცა, არის რამდენიმე: მაგალითად, ჩემი დებიუტი ინგლისში, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ. ყველაზე რთული მეტოქე ვის წინააღმდეგაც გითამაშია? ალბათ ვირჯილ ვან დაიკი, რომელსაც ჰოლანდიაში, "გრონინგემის" წინააღმდეგ მატჩისას შევხვდი.
ვინ არის შენს პოზიციაზე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში? ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. საყვარელი ფეხბურთელები და კლუბი? რონალდინიო, რონალდო, რონალდუ და მესი. კლუბები: "ლივერპული" და "ბარსელონა".

სხვა სტატიები