Belive

ფილიპო ინძაგი იუბილარია

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფილიპო ინძაგი იუბილარია. პიპოს 46 წელი შეუსრულდა. კარიერის განმავლობაში ინძაგის არაერთი ბურთი აქვს გატანილი. თითქოს არანაირი საფეხბურთო უნარის მქონე თავდამსხმელს გოლის ალღო ჰქონდა. ზუსტად ამის გამო ინძაგი საჭირო დროს საჭირო მომენტში ჩნდებოდა.
"ინძაგიმ არ იცის როგორ ითამაშოს ფეხბურთი. უბრალოდ, ის საჭირო ადგილზე ჩნდება და ეს ნიჭია. ნიჭი, რომელიც ძალიან ცოტას აქვს" - იოჰან კრუიფი. "ინძაგის გოლი არ უყვარს. გოლია ინძაგიზე შეყვარებული" - ემილიანო მონდონიკო. "ორასი ორასზე რამდენჯერმე რომ ითამაშოთ ფეხბურთი, დარწმუნებული იყავით, რომ პირველ გოლს ყოველთვის ინძაგი გაიტანს" - არიგო საკი. "ინძაგი იმ სტილის თავდამსხმელი არ არის, რომლის საკუთარ გუნდში ხილვასაც მწვრთნელი ისურვებდა, თუმცა მალე თქვენ საწინააღმდეგოში რწმუნდებით. ის ყველას სურს" - ჯენარო გატუზო. "თუ ოდესმე მომიწევს აღვწერო სიტყვა ფეხბურთი რას ნიშნავს, მას ერთი პატარა სახელით აღვწერ - ფილიპო ინძაგი" - ალესანდრო ნესტა. "ძალიან მინდოდა, რომ მილანი და ლივერპული სტამბოლის ფინალის შემდეგ ათენის ფინალში ერთად მეხილა. ათენში ჩასულები ემოციების მოზღვავებას ვგრძნობდით და გვწამდა, რომ თასი ჩვენი იქნებოდა. ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე ერთი საკითხი ვერ გადავწყვიტე, ვინ დამეყენებინა თავდასხმაში – ალბერტო ჯილარდინო თუ პიპო ინძაგი. ალბერტო საუკეთესო ფორმაში იყო, პიპო კი პოპოა. ახლა ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ მაშინ ზოგიერთი ფეხბურთელი მოვიდა ჩემთან და მთხოვა პიპო დამეყენებინა. არადა, ინძაგი მაშინ ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა ვგრძნობდი, ის საღამო მისი იქნებოდა. გადაწყვეტილება მაინც ინძაგის სასარგებლოდ მივიღე და მისი დუბლის წყალობით გამარჯვება მოვიპოვეთ" - კარლო ანჩელოტი.
ფილიპო ინძაგის პროფესიონალური კარიერა 1991 წელს "პიაჩენცაში" დაიწყო, სადაც 1995 წლამდე ითამაშა. 1995-96 წლებში "პარმას" ღირსებას იცავდა. 1996-97 წლებში კი "ატალანტაში" თამაშობდა. ამის შემდეგ პიპო "იუვენტუსში" გადავიდა, სადაც 4 სეზონი გაატარა. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი 2001-12 წლებში "მილანში" ჰქონდა, სადაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ინძაგიმ კარიერაში 623 თამაში ჩაატარა და 288 ბურთი გაიტანა.
"მოედანზე გასვლისას ერთადერთი მიზანი მამოძრავებდა - გოლი ნებისმიერი ხერხით უნდა გამეტანა. ცხოვრებაში არაფერია იმაზე უკეთესი, მოედანზე გულშემატკივრების ოვაციებით გადიოდე და მათ პატივისცემას გრძნობდე" - ფილიპო ინძაგი.

სხვა სტატიები