Belive

ფოდენი VS მბაპე - ტვიტერის პოსტი, რომელსაც დიდი არეულობა და შეწყვეტილი კონტრაქტი მოჰყვა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც "მანჩესტერ სიტიმ" დორტმუნდის "ბორუსია" - 2:1, ორი მატჩის ჯამში კი - 4:2 დაამარცხა, ორრაუნდიან დაპირისპირებაში, გერმანელთა კარში ორი გოლის გამტანი, ფილ ფოდენი მცირე სკანდალში გაეხვა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წუთში მას მერე, რაც გაირკვა, რომ 5-წლიანი პაუზის შემდეგ, "ქალაქელები" ნახევარფინალში ითამაშებდნენ, ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის Twitter-ის გვერდზე გაჩნდა პოსტი, რომელშიც "პსჟ-ს" თავდამსხმელი, კილიან მბაპე იყო მოხსენიებული და ეწერა: "მზად ხარ?".

Image: Twitter/Phil Foden
პოსტს, რომელსაც რამდენიმე წუთში ათასობით გამოხმაურება ჰქონდა, საბოლოო ჯამში "მანჩესტერ სიტის" სოციალური მედიის მენეჯერის, სემ ლის ჩარევის შემდეგ წაიშალა, რომელმაც განმარტა, რომ იგი ფეხბურთელს არ განუთავსებია: "მბაპეს შესახებ ტვიტი ფოდენს არ გამოუქვეყნებია, ეს გააკეთა კომპანიამ, რომელიც მართავს მის პროფილს. ფოდენის გარემოცვა არსებულით უკმაყოფილო იყო და პოსტი დაუყოვნებლივ წაიშალა".
ოდნავ მოგვიანებით გაირკვა, რომ 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კომპანია Ten Toes Media-სთან არსებული კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნულ საკითხს მოგვიანებით არაერთი ექსპერტი გამოეხმაურა, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა გარი ნევილი.
"რამდენიმე კვირის წინ დავწერე იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც საკუთარ ანგარიშებს სოციალურ ქსელებში თავად არ მართავენ. ბიჭებო ნუ იქცევით ასე, აკონტროლეთ თქვენი პროფილები. თქვენი დამოუკიდებელი აზრი და ნამდვილობა საფრთხის წინაშე დგას. ეს თქვენი ხმაა და არა სხვისი", - წერს 46 წლის ინგლისელი.
"მანჩესტერ სიტი" ნახვეარფინალურ ეტაპზე "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 27 აპრილს შედგება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 5 მაისს.

სხვა სტატიები