Belive

პიერ ვებომ რასიზმთან დაკავშირებულ ინციდენტზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
როგორც ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა "პსჟ"-სა და "ბაშაქშეჰირს" შორის რასიზმთან დაკავშირებული ინციდენტის გამო სკანდალური გამოდგა. შეხვედრის მე-13 წუთზე გუნდებმა მოედანი დატოვეს და შეხვედრა შეწყდა. მიზეზი რუმინელი მეოთხე არბიტრის,  სებასტიან კოლტესკუს მიერ თურქული კლუბის მწვრთნელის ასისტენტის, პიერ ვებოს "შავ ბიჭად" მოხსენიება გახდა. კოლტესკუს მიმართვით აღშფოთებულმა თურქული კლუბის წევრებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს, მათ სოლიდარობა "პსჟ"-ს ფეხბურთელებმაც გამოუცხადეს. შეხვედრა მეორე დღეს, 9 დეკემბერს გაგრძელდა უკვე არბიტრთა სხვა შემაგენლობით. ფრანგულმა კლუბმა დამაჯერებელი გამარჯვება ანგარიშით 5:1 მოიპოვა. აღნიშნულ ინციდენტზე Daily Mail-თან ინტერვიუში ისაუბრა ვებომ. 
"ჩემი ხმის მიხედვით შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ახლა გაცილებით მშვიდად ვარ. როცა საკუთარ თავს ვუყურებ, ვუყურებ ვიდეოს, თუ როგორი აგრესიული ვიყავი, გაოცებული ვრჩები. მეც კი არ მენდომებოდა ჩემ წინააღმდეგ ყოფნა, რადგან ძალიან აგრესიული ვიყავი, ასეთ მდგომარეობაში ჩემი თავი არ მახსოვს",-აცხადებს ვებო.
ვებოს რექაცია გასაგებია მას შემდეგ, რაც მას რუმინელი მეოთხე არბიტრის, კოლტესკუს მხრიდან სიტყვა "ნეგრო" (ზანგი) მოესმა საკუთარი მისამართით. ვებო აღნიშნავს, რომ არსებობს გაცილებით უკეთესი და მარტივი საშუალება, რომ მიეთითებინათ მასზე და ამისთვის კანის ფერის გამოყოფა არ იყო საჭირო.
"მას შეეძლო ეთქვა: "შენ", "აი, ის კაცი", მაგრამ მან თქვა ის,რაც თქვა". "ძალიან რთული მოსასმენი იყო იმ პიროვნებისგან, რომელმაც მსგავსი სიტუაციები უნდა აკონტროლოს. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის მეოთხე მსაჯზე ვსაუბრობთ. ეს მაღალი დონეა და მაღალ დონეზე ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი ადამიანები. კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ვლაპარაკობთ, ახლაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მე ვალდებული ვარ დაფიქრებით ვისაუბრო". "როდესაც მოედანი დავტოვე და გასახდელში შევედი, არ ვიცოდი რა ხდებოდა მოედანზე. რაფაელი შემოვიდა და მითხრა, რომ თამაშს აღარ აგრძელებდნენ, 30 წამში კი მთლიანად გუნდი შემოვიდა. ყველა მეკითხებოდა, თუ როგორ იყო საქმე, ძალიან ვნერვიულობდი და საუბარი არ მსურდა".
ვებომ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას მხარი დაუჭირა, განსაკუთრებით კი "პსჟ"-ს მოთამაშეები გამოყო.
"მინდა მადლობა გადავუხადო "პსჟ"-სა და ყველას, ვინც იქ იყო მათი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, მე მათით ძალიან ვამაყობ. მათი ასეთი რეაქციის გამო მხოლოდ ორი სიტყვა შემიძლია ვთქვა: მადლობა და ბრავო".
   

სხვა სტატიები