Belive

პიერლუიჯი კოლინა - ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მსაჯი

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

არსებობენ ფეხბურთელები და მწვრთნელები, რომელთაც ქომაგების მილიონიანი არმია და სექტანტური ტიპის დაჯგუფებებიც კი ჰყავთ, თუმცა იშვიათია მსაჯი, რომელსაც ზურგს გულშემატკივრები უმაგრებენ. თუმცა, ფეხბურთის ისტორიაში მოიძებნება რეფერი, რომელმაც 28-წლიანი სამსაჯო კარიერის განმავლობაში უამრავი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, საუბარი პიერლუიჯი კოლინაზე ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ადამიანი ფეხბურთში, რომელმაც მსაჯობა 45 წლის ასაკში, თანამდებობიდან სკანდალური გადაყენების შემდეგ შეწყვიტა, გულშემატკივარს 14 წლის შემდეგაც ახსოვს. თანაც, როგორ შეიძლება არ დაგამახსოვრდეს ადამიანი, რომელსაც ასეთი სახასიათო გარეგნობა აქვს - მელოტი თავი და წვრილი თვალები. იტალიელმა კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები იმსაჯა, თუმცა ბევრს ის თავისი პიროვნული თვისებებით უფრო უკეთ ახსოვს. თუ ფეხბურთელი მის პროვოცირებას შეეცდებოდა, პიერლუიჯი ყოველთვის მკაცრ განცხადებას იღებდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მართალი გამოდიოდა. "მოედანზე სწორი გადაწყვეტილებები იმიტომ კი არ უნდა მიიღო, რომ მსაჯი ხარ და ეს გევალება, არამედ იმიტომ, რომ ხალხი გენდობა",-თქვა მან პენსიაზე გასვლის შემდეგ. მშვიდი, მაგრამ მკაცრი დამოკიდებულების გამო, 1998-2003 წლებში, მან ზედიზედ 6-ჯერ მსოფლიოს საუკეთესო მსაჯის წოდება დაიმსახურა. მან შეძლო და შეცვალა ის საქმიანობა, რომელიც ადრე ბევრი ადამიანისთვის მოსაწყენი და საქილიკო იყო. ბოლონიაში დაბადებული მსაჯი, კარიერის დასრულების შემდეგ, ფრანჩესკო ტოტისა და ტიერი ანრისთან ერთად, პოპულარული ვიდეო-თამაშის PES 3-ის გარეკანზეც კი მოხვდა. ეს მაშინ, როცა მსოფლიოს ლეგენდარული ფეხბურთელები აქ გამოსახვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობდნენ.

თუმცა, კოლინას ყველა სათანადო თვალით არ აფასებდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ინტერესთა კონფლიქტის მიზნით მას თანამშრომლობის ხელშეკრულება შეუჩერა, რის მერეც 2 წლის თავზე პიერლუიჯიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. "28 წლის შემდეგ, კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ხალხს მსაჯის უნდა სჯეროდეს. საბოლოოდ, ორივე მხარე წაგებულები ვრჩებით. ამ ბოლო დღეებში უფრო ნაკლები მეძინა, ვიდრე მსოფლიო თასის ფინალის წინ. თუ სერია B-ში ვიმსაჯებ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საწყენია, რომ მათ მსაჯების ნდობა არ აქვთ",-თქვა კოლინამ 2005 წელს. კიდევ უფრო დიდ იშვიათობას წარმოადგენს მსაჯი, რომელსაც ფეხბურთელები პატივს სცემენ. სწორედ ამის მაგალითია კოლინა.
დათხოვნის მიუხედავად კოლინას კარიერა ფენიქსივით განახლდა, ოღონდ სხვა მწვერვალზე. ის იტალიის მსაჯთა აკადემიას ხელმძღვანელობდა, ახლა კი ფიფას სამსაჯო კომიტეტის წევრია და საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმესაც ასრულებს. პიერლუიჯი კოლინა - მსაჯი, რომელიც ფეხბურთელებსაც უყვართ, ლეგენდა.

სხვა სტატიები