Belive

პირლო: "რონალდუს დასვენება სჭირდებოდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
სერია ა-ს 26-ე ტურში ტურინის "იუვენტუსმა" რომის "ლაციოს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა აღნიშნულ შეხვედრაში "ლაციო" მე-14 წუთზე კორეამ დააწინაურა. ანგარიშის გათანაბრება ადრიენ რაბიომ 39-ე წუთზე შეძლო, 47-ე და მე-60 წუთებზე კი დუბლი გაიფორმა "იუვენტუსის" ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ. აღსანიშნავია, რომ "ლაციოსთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში არ იყო "იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მხოლოდ 69-ე წუთზე შემოვიდა დუბლის ავტორის ალვარო მორატას ნაცვლად. მატჩის შემდეგ "ბებრი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ არ იყო "ლაციოსთან" შეხვედრაში პორტუგალიელი ძირითად შემადგენლობაში.  
 "კრიშტიანუმ ზედიზედ 8-9 შეხვედრა ჩაატარა, სწორედ ამიტომ მასთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ დაესვენა. ჩვენი გუნდისთვის რონალდუ ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გუნდმა მის გარეშეც გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მიმდინარე სეზონში რონალდუმ 20 გოლი უკვე გაიტანა. ნორმალურია, რომ გოლების გატანა სხვებმაც შეძლეს. როდესაც ბურთით რონალდუა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, უმეტეს შემთხვევაში კი მას გოლი გააქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ მან ზედიზედ ბევრი შეხვედრა ჩაატარა და დასვენება სჭირდებოდა, ეს შეთანხმებული იყო, ის თავს მშვენივრად გრძნობს".
მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ უკვე 36 წლისაა, ასაკი მის თამაშზე გავლენას ვერ ახდენს. "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელმა მიმდინარე სეზონში "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად აღებული 31 შეხვედრაში 27 გოლის გატანა შეძლო. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სერია ა-ს ბომბარდირთა დავას 20 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს. 9 მარტს ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩი ელის "პორტუსთან". შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა პირლოს შეგირდებმა სტუმრად 2:1 წააგეს. შესაძლოა სწორედ "პორტუსთან" გასამართი მნიშვნელოვანი მატჩიცაა იმის მიზეზი, რომ "ლაციოსთან" შეხვედრაში კრიშტიანუ მხოლოდ ცვლილებაზე შემოვიდა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად "იუვენტუსს" მეტოქის აუცილებლად დამარცხება მართებს. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ტურინულმა გრანდმა 25 ჩატარებულ შეხვედრაში 52 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება.    

სხვა სტატიები