Belive

პირველი მეტოქეები C დივიზიონში: ყველაფერი, რაც ესტონეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის შესახებ უნდა ვიცოდეთ

3 წლის წინ ფეხბურთი
15 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბოლო მატჩი 2019 წლის 19 ნოემბერს ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქომაგს ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის შეხვედრა უკვე 9 თვეა არ უხილავს. ხსენებული დაპირისპირება ხორვატიის ქალაქ პულაში შედგა და იქ ადგილობრივმა ნაკრებმა "ჯვაროსნებს" - 2:1 აჯობა. რომ არა კოვიდპანდემია და სრულიად სპორტულ და არამხოლოდ სპორტულ სამყაროში პაუზა, რჩეულ ქართველ ფეხბურთელებს გაზაფხულზე უნდა ეთამაშათ, თანაც რა სტატუსის და რანგის შეხვედრა - ერთა ლიგის პლეი-ოფი, ნახევარფინალური დაპირისპირება ბელარუსის წინააღმდეგ. კარგად გვახსოვს ქვეყანაში არსებული მოლოდინი, აჟიოტაჟი და 11 დღეში გაყიდული 55 000 ბილეთი, მაგრამ საერთო მდგომარეობამ D დივიზიონს დროულად დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.
No description available.
ავად თუ კარგად, კართან მოდგა შემოდგომა და საქართველოს ნაკრები ამ სეზონისთვის ტრადიციულად, ახალ ციკლს იწყებს. ამჯერად, ჩვენი გუნდი უკვე ერთი საფეხურით მაღლა - C დივიზიონში გამოვა და ეს უეფას ერთა ლიგის ახალი, 2020/2021 წლების სეზონის გათამაშება იქნება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ახალ გათამაშებას მეორე ჯგუფში დაიწყებს, სადაც მეტოქეებად ესტონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სომხეთის ნაკრებები იქნებიან. პრინციპი უცვლელია: სამი საშინაო და სამი სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრა, ჯგუფის გამარჯვებული პლეი-ოფის და შესაბამისად B დივიზიონის საგზურს მოიპოვებს, ბოლოადგილოსანი კი უკან, D ლიგაში დასაქვეითებელ პლეი-აუტში ჩაებმება. საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონში ესტონეთი - საქართველო (5 სექტემბერი) საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია (8 სექტემბერი) სომხეთი - საქართველო (11 ოქტომბერი) ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო (14 ოქტომბერი) საქართველო - სომხეთი (15 ნოემბერი) საქართველო - ესტონეთი (18 ნოემბერი)
სექტემბრის თვეში საქართველო ორ შეხვედრას გამართავს, მოდით ჩვენი პირველი მეტოქეები, ესტონეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები უკეთ გავიცნოთ:

ესტონეთის ნაკრები

დაარსება: 1920 ესტონეთის ფეხბურთის ფედერაცია: 1921 წლის 14 დეკემბერს დაარსდა ფიფას წევრი: 1923 უეფას წევრი: 1992 ფიფას რეიტინგი: 104 უმაღლესი რეიტინგი: 47 (2012 წლის მარტი) უმდაბლესი რეიტინგი: 137 (2008 წლის ოქტომბერი) საშინაო არენა: ლე კოკ არენა (ტალინი) მეტსახელი: ლურჯმაისურიანები მთავარი მწვრთნელი: კარელ ვოოლაიდი (ესტონელი, 43 წლის) კაპიტანი: რაგნარ კლავანი

ისტორია

ესტონეთის ნაკრები 1920 წელს დაარსდა და პირველი შეხვედრაც ამავე წელს, მეზობელ ფინეთთან ჩაატარა და გამანადგურებელი ანგარიშით - 0:6 დამარცხდა. საწყისი ორი დეკადის განმავლობაში გუნდი დამოუკიდებლად ასპარეზობდა და სწორედ ამ პერიოდში, პირველად და უკანასკნელად (1924 წელს) ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა. 1940 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, ლოგიკურია, რომ საფეხბურთო ნაკრებმა დროებით არსებობა შეწყვიტა. ახალი ერა გუნდში 1991 წლიდან, ანუ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. ამას მოჰყვა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრობა და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება. 1991 წელს, დამოუკიდებელი ნაკრების სტატუსით ესტონეთმა პირველი შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ დედაქალაქ ტალინში სლოვენიასთან ფრე - 1:1 ითამაშა. ესტონეთის ეროვნულ გუნდს დიდ ფორუმებზე არასდროს უთამაშია, თუმცა 2012 წელს, უკრაინა-პოლონეთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი-ოფამდე მიაღწია, იქ კი ირლანდიის ბარიერის დაძლევა ვეღარ მოახერხა. სწორედ ეს პერიოდია დამოუკიდებელი ესტონური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო, როცა გუნდს მსოფლიო რეიტინგში უმაღლესი - 47-ე პოზიცია ეკავა. ესტონეთის ნაკრებს რეგიონალური ტიტულებიც აქვს მოგებული - ბალტიის თასზე, სადაც ლატვიის, ლიეტუვის ესტონეთისა და ფინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორ წელიწადში ერთხელ ეჯიბრებიან, ესტონელებმა წარმატებას 3-ჯერ მიაღწიეს.
No description available.

სტატისტიკა

პირველი მატჩი: ფინეთი-ესტონეთი 6:0 (1920 წლის 17 ოქტომბერი, ჰელსინკი, ფინეთი) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ესტონეთი - ლიეტუვა 6:0 (1928 წლის 26 ივლისი, ტალინი, ესტონეთი), გიბრალტარი - ესტონეთი 0:6 (2017 წლის 7 ოქტომბერი, ფარო, პორტუგალია) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: ფინეთი - ესტონეთი 10:2 (1922 წლის 11 აგვისტო, ჰელსინკი, ფინეთი), : გერმანია-ესტონეთი 8:0 (2019 წლის 11 ივნისი, მაინცი, გერმანია) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ანდრეს ოპერი (38) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: მარტინ რეიმი (157)

შემადგენლობა

საქართველოსთან მატჩის წინ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა შემადგენლობაში როგორც შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს, ისე ლეგიონერებს უხმო, თუმცა გუნდში ადგილობრივი მოთამაშეები ჭარბობენ, კონკრეტულად კი ყველაზე მეტი - 9 ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილის ყოფილი გუნდიდან, ტალინის "ფლორადანაა". ესტონეთის ნაკრებს ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის რამდენიმე ახალწვეული ჰყავს, მათ შორისაა იტალიის სერია A-დან ახლახანს დაქვეითებული "სპალის" თავდამსხმელი გეორგი ტუნიევი და ლონდონის "არსენალის" 23-წლამდელთა გუნდის ნიჭიერი, 18 წლის მეკარე კარლ იაკობ ჰეინი. მიუხედავად დაბალანსებული 24-კაციანი განაცხადისა, გუნდს მთავარი ვარსკვლავი და კაპიტანი, "ლივერპულის", "აუგსბურგის" და "აზ ალკმაარის" 34 წლის ცენტრალური მცველი რაგნარ კლავანი არ ეყოლება. იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ გუნდებთან გასამართი შეხვედრებისთვის ესტონეთის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდნენ, ყველაზე გამოცდილი ტალინის „ფლორას“ და ეროვნული გუნდის კაპიტანი კონსტანტინ ვასილევია, რომელსაც ქვეყნის მთავარ გუნდში 14 წელიწადში 119 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 25 გოლი გატანილი. ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელების საშუალო ასაკი 25.4 წელია, მთლიანი სატრანსფერო ღირებულება კი 7.15 მილიონი ევრო, რა კომპონენტშიც საქართველო მათ 34 მილიონით აღემატება.

მწვრთნელი

კარელ ვოოლაიდი საკმაოდ საინტერესო მწვრთნელია, მისი საფეხბურთო კარიერის არც ისე წარმატებული გახლდათ და თქვენ წარმოიდგინეთ ამ მიმართულებით აღებული პაუზის დროს, სამწვრთნელო საქმიანობასაც კი ეწეოდა. მან ბოლო წლები უმეტესად სამოყვარულო დონეზე, "პაიდეს" მეორე შემადგენლობაში გაატარა, მოედნის მეორე მხარეს კი საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. 43 წლის სპეციალისტს 2005-დან 2019 წლამდე ქვეყნის 15, 16, 19, 21 და 23-წლამდე გუნდებისთვის უთავკაცია, საკლუბო დონეზე კი რამოდენიმე თვე შიდა ჩემპიონატის ბინადარ "პალოსეურასა" და "ნომე კალიუში" გაატარა, თუმცა სტაბილური შედეგებით არსად გამორჩეულა. 2019 წლის ზაფხულში, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მას მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდო. კარელმა გუნდი მოედანზე 6-ჯერ გაიყვანა და ჯერჯერობით მატჩის მოგება ვერ მოახერხა - 1 ფრე, 5 მარცხი. საინტერესოა, რომ ერთადერთი ქულა, რომელიც მისმა გუნდმა მოიპოვა, ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში ჩვენს მომავალ მეტოქესთან, ბელარუსთან სტუმრად, ევროშესარჩევის უგოლოდ ნათამაშები შეხვედრის დამსახურება იყო.
Eesti jalgpall on Twitter: "Peatreeneri kohusetäitjaks nimetati Karel Voolaid https://t.co/R377F0eEpZ… "

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და ესტონეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს სულ 6-ჯერ და ყველა შემთხვევაში ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. აქედან 3 მატჩი ჩვენებურების გამარჯვებით დასრულდა, ორჯერ ჩვენი გუნდი ესტონეთში დამარცხდა, ერთხელ კი ტალინში ფრე - 1:1 გააგორა. ბოლო შეხვედრა 2019 წლის 27 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გაიმართა და აქ ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქე ჯიმი ტაბიძისა და ვაკო ყაზაიშვილის გოლების მეშვეობით - 2:0 აჯობა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები

დაარსება: 1994 ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1994 წელს ფიფას წევრი: 1994 უეფას წევრი: 1994 ფიფას რეიტინგი: 68 უმაღლესი რეიტინგი: 46 (2008 წლის ოქტომბერი) უმდაბლესი რეიტინგი: 166 (2017 წლის მარტი) საშინაო არენა: ტოშე პროჩესკის არენა (სკოპიე) მეტსახელი: წითელი ლომები მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი (ჩრდილოეთ მაკედონია) კაპიტანი: გორან პანდევი

ისტორია

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები არაოფიციალურად 1920 წელს დაარსდა, თუმცა ქვეყნის რჩეული ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს მხოლოდ იუგოსლავიის სხვა ერების წარმომადგენელ ნაკრებებთან შეხვედრა შეეძლო და ოფიციალური მატჩის ჩატარების ნება არ ჰქონდა. შესაბამისად, საუკეთესო მაკედონიელი ფეხბურთელები სწორედ იუგოსლავიის ნაკრების სახელით გამოდიოდნენ. სოციალისტურ ფედერალური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიამ დამოუკიდებელი საფეხბურთო ნაკრები და ჩემპიონატი შექმნა. 1994 წლიდან, გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციების, ფიფასა და უეფას სრულუფლებიანი წევრი გახდა და ამრიგად, მათი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებშიც ჩაერთო. 26-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების დასკვნით ეტაპზე არასდროს უთამაშია. ერთა ლიგის ისტორიაში პირველი სეზონი ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს მსგავსად, D დივიზიონში დაიწყო და ჯგუფში მეტოქეებად სომხეთის, ლიხტენშტეინის და გიბრალტარის ნაკრებები ერგო. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 5 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და პირველი ადგილით C ლიგის საგზური მოიპოვა. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ისტორიაში რამდენიმე დასამახსოვრებელი შედეგი ყოფილა, მაგალითად: ინგლისთან სტუმრად ორჯერ ნათამაშები ფრე, ნიდერლანდების როგორც შინ, ისე გასვლაზე დამარცხება, იტალიაში ადგილობრივ ვეროვნულ გუნდთან და საშინაო კედლებში, სერბეთთან და სლოვაკეთთან დაზავება. 2009 წლის 12 აგვისტოს, ქვეყანაში ფეხბურთის არსებობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში სათამაშოდ ესპანეთის ნაკრები მოიწვია. გორან პანდევის დუბლის მეშვეობით მეტოქე მოქმედ ევროპის ჩემპიონს - 2:0 ამარცხებდა, თუმცა „ფურია როხამ“ მატჩის სათავისოდ შემოტრიალება მოახერხა - 2:3 შეხვედრას 30 000 გულშემატკივარი დაესწრო.
No description available.

სტატისტიკა

პირველი არაოფიციალური მატჩი:ვოივოდინა“ - ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 (1945 წლის 3 სექტემბერი, ნოვი სადი, სერბეთი) პირველი ოფიციალური მატჩი: სლოვენია - მაკედონია 1:4 (1993 წლის 13 ოქტომბერი, კრანი, სლოვენია) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ლიხტენშტეინი - მაკედონია 1:11 (1996 წლის 9 ნოემბერი, ეშენ-მაურენი, ლიხტენშტეინი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: მაკედონია - ბელგია 0:5 (1995 წლის 7 ივნისი, სკოპიე, მაკედონია), მაკედონია - სლოვაკეთი 0:5 (2001 წლის 7 ოქტომბერი, სკოპიე, მაკედონია), უნგრეთი - მაკედონია 5:0 (2001 წლის 14 ნოემბერი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ჩეხეთი - მაკედონია 6:1 (2005 წლის 8 ივნისი, ტეპლიცე, ჩეხეთი) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: გორან პანდევი (108) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: გორან პანდევი (34)

შემადგენლობა

გუნდის მთავარ მწვრთნელს იგორ ანგელოვსკის საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებთან გასამართი შეხვედრებისთვის განაცხადი ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, თუმცა ბოლოს ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეტოქის მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა ლეგიონერია და საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატშიც თამაშობს, აი მაგალითად: ლონდონის „არსენალის“ მეკარე დეიან ილიევი, „რაიო ვალეკანოს“ გოლკიპერი სტოლე დიმიტრევსკი, „ლიდს იუნაიტედის“ მარცხენა მცველი ეჯიან ალიოსკი, ლისაბონის „სოპორტინგის“ მარჯვენა მცველი შტეფან რისტოვსკი, „ლევანტეს“ ჩამშლელი ენის ბარდი, „ნაპოლის“ ნახევარმცველი ელიფ ელმასი, „უდინეზეს“ შემტევი ილია ნესტოროვსკი და „ფენერბახჩესცენტრ-ფორვარდი არდა კურტულანი. რომ აღარაფერი ვთქვათ ნაკრების დანარჩენ კონტიგენტზე, როელიც სრულად უნგრეთის, კვიპროსის, ხორვატიის, ბელგიის, შევიცარიისა და თურქეთის წამყვან კლუბებიდან კომპლექტდება. საინტერესოა, რომ გუნდის ორი გამოცდილი წევრი ვისარ მუსილო და ბობან ნიკოლოვი უნგრულ „ფეჰერვარში“, ქართველი თავდამსხმელის ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელები არიან. ფეხბურთელების საშუალო ასაკი 26.12 წელია, ხოლო მათ საერთო ღირებულებას Transfermarkt-ი 59.20 მილიონ ევროდ აფასებს.

ვარსკვლავი

ალბათ ფიქრობთ, რომ მხედველობიდან გამოგვრჩა, თუმცა არა, ჩავთვალეთ, რომ ცალკე გამოყოფის ღირსია გუნდის კაპიტანი, ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - გორან პანდევი. ვეტერანი თავდამსხმელი, რომელიც საუკუნის სტარტიდან იტალიის სერია A-ში გამოდის. მილანის „ინტერის“, „“ლაციოს“, და „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც 1 სეზონი „გალათასარაიშიც“ გაატარა, 2019 წლიდან „ჯენოას“ მაისურს ირგებს. 37 წლის თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში სერია A, 5-ჯერ იტალიის თასი, 2-ჯერ იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და თურქეთში ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული. პანდევი 2010 წელს, ჟოზე მოურინიოს შესანიშნავი „ინტერის“ წევრი იყო, რომლის შემადგენლობაშიც ტრიპლეტის მოგება მოახერხა. იგი 5-ჯერ მაკედონიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
Football Yesterday & Today: Goran Pandev - Detailed stats in European Cups

მწვრთნელი

იგორ ანგელოვსკი ვეტერანი ნახევარმცველია, რომლის საფეხბურთო კარიერაც თითქმის სრულად მშობლიურ ჩემპიონატს უკავშირდება. ლეგიონერის სტატუსს ის მხოლოდ კარიერის ბოლო სეზონს ირგებდა, რომელიც მან სერბულ „სრემში“ გაატარა. 44 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო საქმიანობა არც ისე მრავალფეროვანია, თუმცა საკმაოდ წარმატებული. პირველი გუნდი, რომელსაც ანგელოვსკი სათავეში ჩაუდგა, მაკედონიურირაბოტნიჩკი“ გახლდათ და 2013-15 წლებში მან ქვეყნის ჩემპიონობა და ორჯერ თასი მოიპოვა. ანგელოვსკის შემდეგ, გუნდს ტიტული აღარ მოუპოვებია. კლუბიდან ანგელოვსკიმ პირდაპირ ნაკრებში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ასისტენტი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი გახდა. 2015 წლის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, მაკედონიამ 36 შეხვედრა ჩაატარა და დადებითი ბალანსი აჩვენა - 15 მოგება, 7 ფრე, 14 მარცხი. მისი თავკაცობით გუნდმა ტურინში, იტალიის ნაკრებთან, ფრე - 1:1 ითამაშა.
Igor Angelovski – człowiek, który tchnął nowe życie w „Czerwone Lwy” - Łączy nas piłka

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.

სხვა სტატიები