Belive

პირველი ტური ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრით დასრულდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პირველი ტური ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანი და სანახაობრივი შეხვედრით დასრულდა. თბილისში, "მიხეილ მესხი 2-ზე", წინა სეზონის მეოთხეადგილოსანმა "ლოკომოტივმა" ელიტაში დაბრუნებულ "სამტრედიას" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა - მესამე წუთზე გამოცდილმა შემტევმა გიორგი ილურიძემ იმერლები ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით დააწინაურა. მასპინძლებმა გათანაბრება 27 წუთში მოახერხეს - დარცმელიას საჯარიმოში ჩაწოდებულზე დასწრებაზე დათო კირკიტაძემ ითამაშა. გოლის მერე, "რკინიგზელებს" თამაშის მეტი ხალისი მიეცათ და ტაიმის ბოლომდე მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღეს - დუბლი ირაკლი სიხარულიძის ანგარიშზეა. ეროვნული ჩემპიონატის 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირმა ჯერ 35-ე წუთზე, თავისი გუნდი 11-მეტრიანი დისტანციიდან ზუსტი დარტყმით დააწინაურა, 5 წუთში კი აკრობატული დარტყმით ილურიძეს რევანში აუღო. მეორე ნახევარში, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ შეტევა გააძლიერა, თუმცა გამოცდილი სპეციალისტის მიერ ბურთის ფლობაში შეტანილ ცვლილებას, "თეთრ-წითლები" მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ. რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა სამშობლოში 12 წლის შემდეგ დაბრუნებულ ალექსანდრე კობახიძეს, 33 წლის შემტევის საპასუხოდ, გატანა შეეძლო "სამტრედიასაც". ამ შედეგით, "ლოკომოტივი" გორის "დილას" და "საბურთალოს" შეუერთდა და პირველი ტურის შემდეგ ლიდერთა შორისაა. შემდეგ ტურში, "ლოკო" "ჩიხურას" დაუპირისპირდება, "სამტრედია" კი იმერულ დერბიში "ტორპედოს" უმასპინძლებს. "ლოკომოტივი": შეროზია - გაბაძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა - შონია (იაკობიძე, 91), დარცმელია - კირკიტაძე, სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი, 84), კობახიძე (შეყილაძე, 73) - სიხარულიძე.  (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე. "სამტრედია": სეფიაშვილი - ინკუმი, ჯგერენაია, სამბუ, საჯაია (რუხაია, 67) - პავიშიჩი (ყურბანოვი, 76), კერძევაძე (დისი, 46) - კვირკვია, ქოჩლაძე, ილურიძე - ღირდალაძე. (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

სხვა სტატიები