Belive

პიტერ კრაუჩს პირდაპირ ეთერში ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი გოლები დაავიწყდა და სიცილი ვერ შეიკავა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ვეტერანი ინგლისელი თავდამსხმელი, პიტერ კრაუჩი საკუთარი თავზე სახალისო ისტორიების მოყოლით და შემდეგ ამ ყველაფერზე გულიანად სიცილის უნარით გამოირჩევა და ამის გამო განსაკუთრებული პოპულარობითაც სარგებლობს. ამის მორიგი მაგალითი ჩემპიონთა ლიგის მეოთხდფინალური ეტაპის დასკვნითი სათამაშო დღეს გახლდათ, როცა "ტოტენჰემის", "ლივერპულის" და ინგლისის ნაკრების ყოფილ ფორვარდს პირდაპირ ეთერში, ჩემპიონთა ლიგაში გატანილი თავისი გოლები დაავიწყდა. მას შემდეგ, რაც ფილ ფოდენმა "მანჩესტერ სიტის" დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ გამარჯვება მოაპოვებინა და მეხუთე ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ყველზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/4-ფინალის ორივე მატჩში ბურთი შეაგდო, BT SPORT-ის ჟურნალისტმა, ჯეიკ ჰემფრიშმა პირდაპირ ეთერში მოწვეულ სტუმრებს სხვა ოთხი ფეხბურთელის ჩამოთვლა სთხოვა. ექსპერტებმა, ჯოლეონ ლესკოტმა და ოუენ ჰარგრივზმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს და გაირკვა, რომ ამ მოკლე ნუსხაში სამი ფეხბურთელი უეინ რუნი, ფრენკ ლამპარდი და რაჰიმ სტერლინგი იყვნენ, მეოთხე მოთამაშე კი არავის გაახსენდა, მათ შორის არც სტუდიაში მყოფ თავად ამ პიროვნებას - პიტერ კრაუჩს.

"ასე იყო?" - იმდენად ბუნებრივად იკითხა კრაუჩმა საკუთარი გვარის გაგონების დროს, რომ მას თავმდაბლობას ვერ დავწამებთ, უბრალოდ მას თავისი გოლები დაავიწყდა და ამაზე გვარიანადაც იცინა... 40 წლის ინგლისელმა ასეთი რამ 2006/07 წლების სეზონში მოახერხა, როცა "ლივერპული" ტურნირის ფინალამდე მივიდა, ორი ეტაპით ადრე კი მან გოლები ორივე შეხვედრაში "პსვ ეინდჰოვენის" კარში გაიტანა. ორრაუნდიან დაპირისპირებაში მერსისაიდელებმა - 4:0 იმარჯვეს. პიტერ კრაუჩს წლების განმავლობაში პრემიერ ლიგის არაერთი საშუალო თუ მაღალი დონის გუნდში უთამაშია, ბოლოს კი ტანმაღალი ფორვარდი "ბარნლის​" მაისურს ირგებდა და პროფესიონალური კარიერაც სწორედ ამ კლუბის რიგებში, 2019 წლის 12 ივლისს დაასრულა. მიუხედავად 23-წლიანი კარიერისა, კრაუჩმა მხოლოდ ორი ტიტულის მოგება მოახერხა: 2006 წელს მან "ლივერპულთან" ერთად ინგლისის ასოციაციის თასი, მომდევნო წელს კი სუპერთასიც მოიგო. იგი ერთ-ერთია იმ 29 ფეხბურთელს შორის (25-ე ადგილი, 108 გოლი), რომელსაც პრემიერ ლიგაში სულ მცირე 100 გოლი აქვს გატანილი. ყველაზე მეტი მატჩი 2.01 მეტრის სიმაღლის ფეხბურთელმა "სტოკ სიტიში" ჩაატარა (261, 61 გოლი, 27 საგოლე გადაცემა).

სხვა სტატიები