Belive

პრემიერ ლიგაში ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი მოურინიო გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობამ ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო მწვრთნელი დააჯილდოვა.  ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო მწვრთნელი პორტუგალიელები: ბრუნო ფერნანდეში და ჟოზე მოურინიო გახდნენ.

"წითელი ეშმაკების" შემტევმა ნოემბერში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის პორტუგალიელი "იუნაიტედს" 2020 წლის იანვარში შეუერთდა, ბრუნომ აღნიშნული ჯილდო უკვე მესამედ მოიგო.

ჟოზე მოურინიოს ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელება ლოგიკურია - "ტოტენჰემმა" 12 შესაძლო ქულიდან 10 მოიპოვა. პორტუგალიელის გუნდმა დაამარცხა "ბრაიტონი", "ვესტ ბრომი" და "მანჩესტერ სიტი", ხოლო "ჩელსისთან" ფრედ ითამაშა. "დეზები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. აღსანიშნავი და გასაკვირია, რომ აღნიშნული ჯილდო პორტუგალიელი სპეციალისტისთვის პირველია თითქმის 14 წლის მანძილზე. ბოლოს თვის მწვრთნელი მოურინიო 2007 წლის მარტში გახდა.
"იქ წერია "თვის მწვრთნელი", მაგრამ ჩემთვის ეს  თვის გუნდია ან თვის პერსონალი. საუბარია მოთამაშეებზე, მწვრთნელებზე, ასისტენტებზე, ანალიტიკოსებზე. ისინი ბევრს მუშაობენ და წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია",- აცხადებს მოურინიო.
2014-15 წლის სეზონში ჟოზემ "ჩელსისთან" ერთად პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო და წლის მწვრთნელიც გახდა, თუმცა მაშინ ის არც ერთხელ არ დაუსახელებიათ თვის საუკეთესო მწვრთნელად.  

სხვა სტატიები