Belive

პრემიერ ლიგაში VAR სისტემაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გულშემატკივრების დიდი ნაწილის უკმაყოფილების გამო, ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობა საბოლოოდ VAR სისტემის შეცვლაზე დაფიქრდა. The Times-ის ცნობით, პრემიერ ლიგა გეგმავს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება უშუალოდ სისტემის მუშაობის პროცესში შეიტანოს და მსაჯებს შორის საუბარი გაასაჯაროვოს. აღნიშნული ცვლილებების ​მთავარ მიზანს ის წარმოადგენს, რომ გულშემატკივრებისთვის ვიდეო ასისტენტ რეფერის სისტემის მუშაობის პროცესი ნათელი და გამჭვირვალე გახადოს.

პრემიერ ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ მასტერსმა თქვა, რომ იდეის განსახორციელებლად პარტნიორთაგან მხარდაჭერა მიიღო: "არსებობს ზოგადი შეხედულება, რომ პროცესში აუდიო-სისტემის ჩართვა კარგი იქნება. არსებობს სურვილი, რომ მსაჯების გადაწყვეტილების მიღების კუთხით გულშემატკივრებთან უფრო ღია ვიყოთ და თუ როგორ გავაკეთებთ ამას, უნდა დავაზუსტოთ".
კონცეფცია უკვე გამოიცადა MLS-ში. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილებების მიმოხილვის პროცესის ამსახველი აუდიო ჩანაწერი YouTube-ზე განთავსდება. პრემიერ ლიგის ყოფილი მსაჯი, ჰოვარდ უები ამჟამად სწორედ აშშ-ში მუშაობს, თუმცა მსაჯთა ხელმძღვანელის პოზიციაზე სამშობლოში დაბრუნებას აპირებს და ინოვაციის დამკვიდრებასაც სავარაუდოდ სწორედ იგი უხელმძღვანელებს. VAR-ი პირველად საერთაშორისო დონეზე 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიყენეს, რომელიც რუსეთში გაიმართა, შემდეგ კი ეტაპობრივად თითქმის ყველა პრესტიჟულ საკლუბო და სანაკრებო ტურნირზე დამკვიდრდა.

სხვა სტატიები