Belive

პრემიერ ლიგის 10 რეკორდი, რომელიც შესაძლოა ლივერპულმა დაამყაროს

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პირველად - მერსისაიდულ გრანდს პრემიერ ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს. 2019/20 წლების სეზონში, იურგენ კლოპის გაწვრთნილი "ლივერპული" ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს. მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში გამართული 20 მატჩიდან, მერსისაიდელებმა 19 მოიგეს და ფრედ მხოლოდ 1 შეხვედრა დაასრულეს. მეორე ადგილოსან "ლესტერს" "ლივერპული" 13 ქულით უსწრებს. ასევე აღსანიშნავია, რომ "ლივერპულს" მდევართან შედარებით 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ლივერპული" ახლოსაა, რომ ყველაზე მოკლე დროში პრემიერ ლიგის მოგების რეკორდი დაამყაროს. დღემდე დამყარებული რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის - "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის დასრულებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, 14 აპრილს შეძლეს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ყველაზე მოკლე დროში მოგება არ არის ერთადერთი რეკორდი, რომელიც შესაძლოა "ლივერპულმა" დაამყაროს. აღნიშნული რეკორდის პარალელურად, მიმდინარე სეზონში "ლივერპულს" კიდევ 9 რეკორდის დამყარების შესაძლებლობა აქვს.
Untitled

- სეზონის საუკეთესი სტარტი

მოქმედი რეკორდი "მანჩესტერ სიტის" ეკუთვნის. 2017/18 წლების სეზონის სასტარტო 21 შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" 59 ქულის დაგროვება შეძლო. მიმდინარე სეზონში გამართულ 20 შეხვედრაში "ლივერპულმა" 58 ქულა დააგროვა და იმ შემთხვევაში თუ მომდევნო ტურში "ტოტენჰემს" დაამარცხებს - "მანჩესტერ სიტის" დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებს.

- ყველაზე მეტი საშინაო გამარჯვება

2011 და 2012 წლების განმავლობაში, "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე ზედიზედ 20 შეხვედრის მოგება შეძლო. იმ შემთხვევაში თუ მომდევნო კვირების განმავლობაში "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედის", "საუთჰემპტონისა" და "ვესტ ჰემის" დამარცხებას შეძლებს მერსისაიდული გრანდი "მანჩესტერ სიტის" დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებს. ამ წუთისათვის "ლივერპულის" აქტივში ზედიზედ 18 საშინაო გამარჯვებაა.

- ზედიზედ მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება

2017 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით "მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ 18 გამარჯვება იზეიმა. იმ შემთხვევაში თუ "ლივერპული" 29 თებერვლამდე გასამართ ყველა შეხვედრას მოიგებს, "მანჩესტერ სიტის" რეკორდი დაემხობა. "ქალაქელთა" რეკორდის გასაუმჯობესებლად, "ლივერპულს" მომდევნო 8 შეხვედრის მოგება ესაჭიროება. ("ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ვულვზი", "ვესტ ჰემი", "საუთჰემპტონი", "ნორვიჩი", "ვესტ ჰემი", "უოტფორდი".)

- ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია

2003/04 წლების განმავლობაში, "არსენალმა" საოცრებები მოახდინა და ზედიზედ 49 მატჩიანი წაუგებელი სერიით აღაფრთოვანა გულშემატკივარი. ამ წუთისათვის "ლივერპულს" 37 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. შესაძლოა ეს იყოს ყველაზე რთულად დასამყარებელი რეკორდი მაგრამ თუ გავითვალისწინებთ "ლივერპულის" სათამაშო ფორმას - აღნიშნული რეკორდის დამყარება ნამდვილად არაა შეუძლებელი.

- ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია დროის მიხედვით

რეკორდული 49 მატჩიანი წაუგებელი სერიის განმავლობაში, "არსენალი" 537 დღის მანძილზე იყო დაუმარცხებელი. "შეფილდთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ლივერპულის" წაუგებელი სერია 1 წელს გადასცდა. უკანასკნელად "ლივერპული" გასული წლის 3 იანვარს, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ დამარცხდა და იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე სეზონს მარცხის გარეშე დაასრულებს "არსენალის" რეკორდს დაამხობს.

- ყველაზე მეტი გამარჯვება სეზონის განმავლობაში

უკანასკნელი 2 საჩემპიონო სეზონის განმავლობაში, "მანჩესტერ სიტიმ" სეზონში ჩატარებული 38 შეხვედრიდან 32-ის მოგება შეძლო. იმ შემთხვევაში თუ "ლივერპული" მიმდინარე სეზონში დარჩენილი 18 მატჩიდან 14-ის მოგებას შეძლებს "ქალაქელთა" რეკორდი დაემხობა.

- ყველაზე მეტი საშინაო გამარჯვება სეზონის განმავლობაში

"ჩელსი" (2005/06), "მანჩესტერ იუნაიტედი" (2010/11) და "მანჩესტერ სიტი" (2011/12 - 2018/19) ამ გრანდებმა სეზონის მანძილზე, საკუთარ მოედანზე გამართული 19 მატჩიდან 18-ის მოგება შეძლეს. მიმდინარე სეზონში, "ენფილდზე" გამართული 11 მატჩიდან "ლივერპულმა" 11 გამარჯვება მოიპოვა. რეკორდის დასამხობად, "ლივერპულმა" დარჩენილი 8 საშინაო მატჩი უნდა მოიგოს: ("მანჩესტერ იუნაიტედი", "საუთჰემპტონი", "ვესტ ჰემი", "ბორნმუთი", "კრისტალ პალასი", "ასტონ ვილა", "ბარნლი", "ჩელსი".)

- ყველაზე მეტი საგარეო გამარჯვება სეზონის განმავლობაში

2017/18 წლების სეზონში, გასვლაზე გამართული 19 მატჩიდან "მანჩესტერ სიტიმ" 16 გამარჯვება მოიპოვა. მიმდინარე სეზონში, გასვლაზე გამართული 9 მატჩიდან "ლივერპულმა" 8 გამარჯვება იზეიმა. რეკორდის დასამხობად მერსისაიდულმა გრანდმა დარჩენილ 10 გასვლით მატჩში 9 გამარჯვება უნდა მოიპოვოს: ("ტოტენჰემი", "ვულვზი", "ვესტ ჰემი", "ნორვიჩი", "უოტფორდი", "ევერტონი", "მანჩესტერ სიტი", "ბრაიტონი", "არსენალი", "ნიუკასლი".)

- სეზონის განმავლობაში დაგროვებული ყველაზე მეტი ქულა

2017/18 წლების სეზონი "მანჩესტერ სიტის" ტრიუმფით დასრულდა. 2017/18 წლების სეზონში, "ქალაქელებმა" 100 ქულა დააგროვეს. იმ შემთხვევაში თუ "ლივერპული" მიმდინარე სეზონში დარჩენილ 18 შეხვედრაში გაიმარჯვებს 112 ქულას დააგროვებს და "მანჩესტერ სიტის" რეკორდს დაამხობს.

სხვა სტატიები